„მაშინ როცა რუსეთი ბომბავს უკრაინას, ათასობით ადამიანი იღუპება, აგრესორი რუსეთისგან და ბელარუსისგან რაიმე სარგებელის მიღება უბრალოდ ამორალურია“ - ასე ფიქრობს „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.
მისი თქმით, იზრდება მოქალაქეების ნაკადები რუსეთიდან და ბელარუსიდან, რაც საფრთხისშემცველია. ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ ამ რისკებზე საქართველოს მთავრობა კერძო სექტორს არ აფრთხილებს.
„სახელმწიფოსგან არანაირი ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგმულა, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ფაქტობრივად მორალზე გვიწევს საუბარი, რაც აბსოლუტური სიგიჟეა,“ - აცხადებს ასათაშვილი.
ვატო ასათაშვილის განცხადებითვე, ტურიზმის ადმინისტრაცია უნდა აგროვებდეს ლტოლვილების შესახებ მონაცემებს უკრაინის საზღვრებთან და უნდა სთავაზობდეს მათ დროებით საცხოვრებლებს. ამასთან, აუცილებელია საზღვარზე კონტროლის გამკაცრება.
„ამის ნაცვლად ვხედავთ ხელგაშლილ პოლიტიკას რუსი ე.წ ტურისტების მისამართით, ისინი ტურისტები არ არიან, ეს არის ე.წ რბილი ძალა“ - განაცხადა ვატო ასათაშვილმა „საქმის კურსთან“.
ინფორმაციისთვის, თიბისი კაპიტალი რუსეთ - უკრაინის კონფლიქტის ფონზე საქართველოში რუსებისა და ბელორუსების შემოდინების ზრდას ელოდება. როგორც საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში წერია, მიგრაციის ეფექტიდან საქართველომ წლიურად შეიძლება 200 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღოს. საუბარია ისეთი ტიპის შემოსავლებზე, როგორებიცაა ბინის ქირა, გართობასა და დასვენებაში, შოპიგნში დახარჯული თანხები და ა.შ.