წელს ვაპირებთ, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განვახორციელოთ 25 მლნ ლარის ინვესტიცია, - ამის შესახებ "Forbes-კვირის" ეთერში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა. თეა ზაქარაძის თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდება ახალი სპეციალური ტექნიკის შესყიდვა.
„ეს არის საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების, ე.წ „გრაუნდ ჰენდლინგის“ ტექნიკა. ასევე, ვაპირებთ, განვაახლოთ ჩვენი სახანძრო ტექნიკა და ვყიდულობთ ახალ სახანძრო მანქანას. უკვე შევიძინეთ„დიაისინგი“, - ეს არის ტექნიკა, რომელიც თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო დამუშავებას აკეთებს, ასევე ტრაპები და ავტობუსები, რომლებითაც მგზავრები გადაგვყავს. ზოგადად, კოვიდის შემდეგ, ძალიან გართულებულია შესყიდვის პროცედურები. 2022 წლის დეკემბერში შეკვეთილი ტექნიკა ჩამოდის 2023 წლის ბოლოს. სრული 12 თვე სჭირდება, რომ გერმანიამ, ნიდერლანდებმა მოგაწოდოს ტექნიკა.
ამასთანავე, წელს იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალის გაფართოება. ვაპირებთ, სასაზღვრო კონტროლის სივრცე გავაფართოოთ, რათა მეტი სასაზღვრო ჯიხური განთავდეს იქ, შევამციროთ რიგები, რაც საბოლოოდ გაზრდის ტერმინალის გამტარუნარიანობას. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე თვიდან დაიწყება. უკვე ჩამოვიდნენ ინჟინრები, რომლებიც განახორციელებენ ამ პროექტს და ვფიქრობ, 3 თვეში ეს პროექტი დასრულდება. ასევე, განახლდება და გვექნება სრულიად ახალი „დუტი ფრი“ და კიდევ ერთი სიახლე - Costa Coffee, რომლის პირველი კაფე საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, ასევე გაიხსნება გამგზავრების სივრცეში, ე.წ გეითებთან.
ვაპირებთ, წელს გავაკეთოთ Online check-in ჯიხურები. შეკვეთა გაკეთებულია და 3-4 თვეში დამონტაჟდება, რის შემდეგაც, მგზავრი, რომელსაც ჩასაბარებელი ბარგი არ აქვს და ხელბარგით მიფრინავს, შეძლებს ონლაინ-რეგისტრაციას, რეგისტრატორთან კომუნიკაციის გარეშე აიღებს ჩასხდომის ბარათს და გადავა საზღვრის ზონაში, ხოლო შემდეგ კი მოხვდება „გეითის“ ზონაში. ეს ის სიახლეებია, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წელს გვექნება.
წელს ჩვენ გადავედით CUPPS-ის სისტემაზე, რაც დიდი კომფორტია ავიაკომპანიებისთვის. დღეს ჩვენთან 50 ავიაკომპანია დაფრინავს და CUPPS-ი ამ ორმოცდაათივე ავიაკომპანიას აერთიანებს ერთ პლატფორმაზე. მათთვის ეს ძალიან კომფორტულია. რა მოხდა ამით? ამით ჩვენ შევამცირეთ ის დრო, რომელიც რეგისტრაციას სჭირდებოდა. თუ რეგისტრაციას სჭირდებოდა 2-2,5 საათი, ახლა ეს დრო 30-40 წუთით შემცირდა.
ასევე, განვახორციელეთ 3 მლნ დოლარის ინვესტიცია და მთლიანად შეიცვალა საბარგო სისტემები, დამონტაჟდა ბარგის შემოწმების თანამედროვე სკანერები - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავედით უახლეს სტანდარტზე - ეს არის „სტანდარტ 3“. შევიძინეთ „ნუკტეკის” ფირმის სკანერები, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარულია და არაერთი აეროპორტი იყენებს.
3 მლნ დოლარი გადავიხადეთ იმისთვის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი „სტანდარტ 3“-ზე გადაგვეყვანა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წელს გადავიყვანეთ „სტანდარტ 3“-ზე.
აეროპორტი ყოველწლიურ, სისტემურ განახლებას საჭიროებს. ისე არ არის, რომ გააკეთე და ამით ყველაფერი დამთავრდა“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.