მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წიგნები 30%-მდე გაძვირდა" - მიზეზები

6372617ba45a9
მარიამ იზორია
15.11.22 23:35
1043
წიგნის გამომცემლობებისა და მაღაზიების ინფორმაციით, წიგნებზე ფასი გაიზარდა, მიზეზად კი საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა სახელდება.

bm.ge-სთან “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორმა თინა მამულაშვილმა თქვა, რომ ფასის ზრდა გაძვირებულმა ნედლეულმა, პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილმა ლოჯისტიკურმა პრობლემებმა განაპირობა.

მისივე თქმით, თუ ადრე ერთი ტონა ქაღალდი $800 ღირდა, ახლა $1200 ღირს.

“გამომცემლობები წიგნებზე ფასის შენარჩუნებას ვცდილობთ, თუმცა წარმოების კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი პრობლემა დაგროვდა. საქართველოში წიგნები ან სრულად იმპორტის სახით შემოდის ან საჭირო ნედლეულის იმპორტი ხორციელდება. კოვიდის პერიოდში კი ბევრი სირთულე წარმოიშვა. პრობლემა იყო ქაღალდის ფასი, ტრანსპორტირება. ნედლეულის ღირებულება გაორმაგდა. თუ ადრე 1 ტონა ქაღალდი $800 ღირდა, ახლა $1200-ი ღირს. ჩვენ ვცდილობთ ფასები მაქსიმალურად ფრთხილად გავზარდოთ, ამიტომ ზოგიერთი წიგნის ფასი 1 ლარით, ზოგიერთის 2 ლარით გაიზარდა” - აღნიშნავს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორი.

წიგნებზე ფასების ზრდას ადასტურებენ “ბიბლუს ჯგუფშიც”. კომპანიის მმართველი პარტნიორი ირაკლი გაგნიძე bm.ge-სთან განმარტავს, რომ ფასების კორექტირება 2021 წლიდან დაიწყო, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოხდა ქაღალდზე ფასის კრიტიკული ზრდაც.

“ფასების ცვლილება 2021 წელს დაიწყო და 2022 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. ამ პერიოდში ქაღალდზე ფასის კრიტიკული ზრდა მოხდა. ვცდილობთ წიგნის მომატებული ღირებულება მომხმარებელს მძიმედ არ დააწვეს. თუ შევადარებთ 2021 წლამდე პერიოდს, ფასის მატება დაახლოებით 20-30%-მდე მოგვიწია” - ამბობს “ბიბლუს ჯგუფის” მმართველი პარტნიორი.

წიგნები გაძვირდა “BookMark წიგნები ვაკეშიც”. წიგნის მაღაზიის დამფუძნებელი მარიამ კიკაჩეიშვილი bm.ge-სთან თქვა, რომ ბევრი გამოცემა ადრე წიგნებს ჩინეთში ბეჭდავდა, ახლა პროცესმა ევროპაში გადმოინაცვლა, ამან კი ფასში სხვაობა გამოიწვია.

“ძალიან ბევრი გამოცემები იბეჭდებოდა ჩინეთში, ეს შედარებით უფრო იაფი ჯდებოდა. ახლა პროცესმა ევროპაში გადმოინაცვლა, რამაც ფასის სხვაობა გამოიწვია. ამაზე საერთაშორისო გამოცემებიც წუხან, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. ქართულად ნაბეჭდი წიგნებიც უმეტესობა საზღვარგარეთ იბეჭდებოდა, ყველაფერი გაძვირდა, აქედან გამომდინარე გაძვირებულია ჩვენი წიგნებიც, რომელიც უცხოეთიდან შემოგვაქვს. ჩვენს მაღაზიაში ფასის ცვლილება 5 დან 20%-მდე მოხდა” - აცხადებს მარიამ კიკაჩეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები