მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წუხილები გავლენის აგენტებზე კანონპროექტის შინაარსს არ ეხება“ - პაპუაშვილი ელჩებს შეხვდა

63ff66a1d4069
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.23 18:52
947
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კითხვები არ აქვთ კანონის შინაარსთან დაკავშირებით, არამედ მათი წუხილის საგანი მხოლოდ დასახელებებია.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ევროკავშირის ელჩის ინიციატივით შედგა და დიპლომატები კანონის შინაარს ეთანხმებიან.

„როცა ამ ინიციატივასა და კანონზეა საუბარი, საბოლოო ჯამში წუხილის საგანი შეეხება მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც დასახელებებს ითვალისწინებს. არც გუშინ და არც დღეს კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა. როგორც კი შინაარსზე გადავდივართ, აქ მეტი გაგება არსებობს - მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ ამ აქტორების შესახებ და ამ მხრივ, არსებობს ამგვარი რეგულირების ლეგიტიმური მიზანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან საკითხის სტიგმატიზება ხდება, მაშინაც კი როდესაც პარლამენტში ამ კანონპროექტის ამერიკული ვერსიაც დაინიცირდა.

„გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც გამოთქმულია, რომ არ მოხდეს ისეთი მოწესრიგება, რომელიც გარკვეულ აქტორებს ჩრდილს მიაყენებს. გვესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხდება დისკუსიის სტიგმატიზაცია. ფაქტია, მას შემდეგ რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დარეგისტრირდა, ამ კანონსაც კი არაამერიკული და რუსული დაარქვეს, აბსურდამდე მიდის ეს დისკუსია. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიის სტიგმატიზების დიდი ტალღაა, დიდი დრო დავუთმეთ საუბარს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას.

პოლიტიკური პროცესების ფორმირებაში ჩართული აქტორების გამჭვირვალობაში მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და ვფიქრობ, რომ აქ არის ურთიერთგაგება. პარლამენტმა ამ უფლების რეალიზება უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი მათ მოსაზრებებს დაელოდება.

"ამასობაში საკმარისი დროა იმისთვის, რომ სხვა მსჯელობაც გაიმართოს. იმის მაგივრად, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებამ დისკუსიის სტიგმატიზაცია და ტაბუირება მოახდინოს, პირიქით, უნდა აჩვენონ, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მედიის წარმომადგენლებმა პაპუაშვილს ჰკითხეს, შეაჩერებს თუ არა უმრავლესობა მის განხილვას, თუმცა პაპუაშვილმა კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები