მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყელსახვევები საფრანგეთსა და აშშ-ში უკვე გავიტანეთ... ექსპორტის გაზრდაზე ვმუშაობთ" – Muline

64107d6b318bc
სალომე ხიდურელი
20.03.23 10:33
589
აბრეშუმის შარფების მწარმოებელი ქართული კომპანია Muline სარეალიზაციო სივრცის მოწყობაზე მუშაობს. ბრენდის სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან მისი დამფუძნებელი მაკო იმედაშვილი საუბრობს.

„ბრენდი დაახლოებით ერთი წლის წინ დავაარსეთ. ჩვენი მთავარი ნიშა ქართულ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი აბრეშუმის ყელსახვევები და მაგიდის სუფრებია. ამ დროისთვის 40-მდე საკუთარი დიზაინი გვაქვს ნაწარმოები, თუმცა ასევე ვმუშაობთ პერსონალურ და კორპორაციულ შეკვეთებზეც.

ამ ეტაპზე შარფების რეალიზება მხოლოდ ონლაინ ხდება. უახლოეს მომავალში გვინდა, რომელიმე მოლში საკუთარი სტენდი ან მაღაზია გვქონდეს და ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ“, - ამბობს მაკო იმედაშვილი.

დამფუძნებლის ცნობით, Muline 2023 წლისთვის ექსპორტის გაზრდასაც გეგმავს, რადგან ქართული თემატიკის შარფებზე უცხოელებისგან მაღალი მოთხოვნაა.

„ჩვენი ყელსახვევები საზღვარგარეთ უკვე გავიტანეთ რამდენჯერმე, შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში ქართულ მაღაზიაში შეგვაქვს, ასევე საფრანგეთშიც. თუმცა ამ მიმართულების გაფართოებაზე ვმუშაობთ და გვინდა, ექსპორტი უფრო გავზარდოთ“, - ამბობს მაკო იმედაშვილი.

რაც შეეხება წარმადობას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბრენდი მის გაზრდას საგრანტო კონკურსებში მონაწილეობით გეგმავს.

„ამ ეტაპზე შარფების წარმოებაზე 4-5 ადამიანი მუშაობს. გააჩნია პერიოდს, თუმცა მაღალი მოთხოვნის შესაბამისად თვეში 5000-მდე ყელსახვევის წარმოებაც შეგვიძლია, საშუალოდ კი ყოველთვიურად 500-1000 ცალს ვქმნით. ვაპირებთ, რომ უფრო მძლავრი აპარატი შევიძინოთ, რომელიც წარმადობის გაზრდაში დაგვეხმარება. ამისთვის ინვესტიციას, ვფიქრობ, საგრანტო კონკურსით მოვიპოვებთ“, - განმარტავს მაკო იმედაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები