მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის მერიამ თვენახევრის დაფუძნებულ კომპანიას პირდაპირი შესყიდვით მსხვილი კონტრაქტი გაუფორმა - TI

64b64d9291869
BM.GE
18.07.23 13:12
499
„ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით, - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“ 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა და თვენახევარში, 18 მაისს ქუთაისის მერიისგან 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო. მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების არმქონე კომპანიას გაუფორმა.

"შპს „დ-კ ქონსტრაქშენის“ 50-50%-ს დავით ყიფიანი და დიმიტრი კუბლაშვილი ფლობენ. დავით ყიფიანმა, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორია, 2020 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 5,000 ლარი შეწირა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს პანდემია იყო და კომპანიებს რთული პერიოდი ჰქონდათ.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დიმიტრი კუბლაშვილს სამეწარმეო გამოცდილება არ გააჩნია, ხოლო დავით ყიფიანი რამოდენიმე კომპანიის დირექტორია.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენს“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის არეალში მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია განახორციელა.

სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით ჩატარების საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობაა მითითებული. შენობის რეაბილიტაცია უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე (21 ივნისამდე) უნდა დასრულებულიყო, რადგან ქუთაისის სტადიონი აღნიშნული ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია. საქართველო რომ უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იქნებოდა, ეს ცნობილი 2020 წლის 2 დეკემბერს გახდა და ბუნებრივია, მოსამზადებელი სამუშაოების სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სასწრაფოდ, გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტის გაფორმება საჭირო არ იქნებოდა", - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.

BM.GE საკითხზე უკვე დაუკავშირდა ქუთაისის მერიას და კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები