გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისში, შპს „ამბიკონ სტილსს“ (ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას) მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა "ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიული წარმოების უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, მას შემდეგ მიიღო, რაც ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს.
როგორც BMG-ის “ქუთაისის მეტალურგიულ ქარხნის” მფლობელი კომპანია შპს “ამბიკონ სტილსის” კორპორაციულ საქმეთა მენეჯერმა ნათია სულაკაძემ განუცხადა, ქარხანას ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი დანადგარებით ერთ თვეში გადაიარაღებენ.
მისივე ინფორმაციით, ფილტრის შეძენა ამ ეტაპზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვერ ხდება, რადგან ის გარკვეულ დროს და ინვესტირებას მოითხოვს.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს ადმინისტრაციული მიწერილობა ჩაგვაბარეს. ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველი 2022 წლის 26 ივნისს ჩატარებული სასამართლო გადაწყვეტილებაა, რის შედეგადაც კომპანია 45 000 ლარით გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა. ჩვენ ქარხანა დღეიდან, დაუყოვნებლივ გავაჩერეთ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ არსებული სისტემის გადაიარაღება მოკლე ვადებში მოხდეს და პროცესს შემდგომ კვლავ განვაახლებთ, ამან ერთ თვეზე მეტხანს არ უნდა გასტანოს. ახალი ფილტრების ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეძენა და ჩამოტანა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ გვაქვს, ამიტომ ქარხნის გადაიარაღება ჩვენი ძალებით ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი დანადგარებით მოხდება. ახლა ქარხნიდან შავი გამონაბოლქვი ამოდიოდა, მისი ფილტრაციის შემდგომ კი ის გათეთრდება და დამაზიანებელი აღარ იქნება. ვფიქრობთ, ეს გაამართლებს", - აღნიშნა ნათია სულაკაძემ.
ცნობისთვის, “ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას” 2008 წლიდან 2009 წლამდე შპს “ევრაზია სტილსი” მართავდა, 2009 წლიდან 2019 წლამდე ქარხანა აღარ ფუნქციონირებდა. ის 2019 წელს ახალმა მმართველმა ინდურმა კომპანია შპს “ამბიკონ სტილსმა” გახსნა. 2019 წლიდან ქარხანამ მუშაობა 100%-იანის ნაცვლად, 25%-იანი წარმადობით დაიწყო. ამჟამად ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში 300-მდე ადგილობრივია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასის ოდენობა კი 1000-დან 1200-ლარამდეა. კომპანიის კორპორაციულ საქმეთა მენეჯერის თქმით, “ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა” საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 2020 წელს კომპანიამ ბიუჯეტში 4 მლნ ლარი შეიტანა, ხოლო 2021 წელს - 5 მლნ ლარი. 2020 წელს ხელფასებზე გაცემული ჯამური თანხა 3.5 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს 4 მლნ ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ წლიდან წლამდე ხელფასის მატება 18%-ით მოხდა.