საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დაათვალიერა. პრემიერთან ერთად, 153 ჰექტარზე გაშენებული უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე აკადემიური კორპუსები, ბიბლიოთეკები, კაფეტერიები, კეთილმოწყობილი სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, საერთო სამუშაო სივრცეები და სტუდენტურ საცხოვრებლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა მოინახულეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მიხეილ ჩხენკელი: „მინდა დიდი სიხარულით მოგახსენოთ, რომ სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იწყება აქტიური აკადემიური ცხოვრება - უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და ყველანი მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც გაიხსნება უნივერსიტეტი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლავთ ჭეშმარიტად მსოფლიო დონის უნივერისტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.
წელს ჩვენ სტუდენტებს მივიღებთ სამი მიმართულებით – ეს არის მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. ყოველწლიურად ამ სპეციალობებს დაემატება სხვა სპეციალობებიც. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე და ეს ტრადიცია გაგრძელდება – ყველა შემდგომი აკადემიური პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტში ლექციებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ რეჟიმის გამოყენებით. ონლაინ მეთოდი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში და სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიურად ჩავრთოთ ქართველი მეცნიერებიც, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ – ჩვენი ქართული სამეცნიერო სათვისტომო.
ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ნაწილიც. ყველა მიმართულება იქნება წარმოდგენილი ძალიან მაღალ დონეზე. ასევე, მინდა გითხრათ კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ, რომელიც უნივერსიტეტში იქნება – ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს. ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსებული იქნება ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, ხოლო მეორე – ონკოლოგიის მიმართულებით კვლევას. ეს იქნება უნიკალური ცენტრი. ამ ციკლოტრონების აწყობა უკვე მიმდინარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში IBA. ეს პროექტი არის 40 მილიონი ევროს ღირებულების და მთლიანად დაფინანსებულია „ქართუ“ ფონდის მიერ. აქ სიმსივნის მკურნალობის პარალელურად იქნება ძალიან მაღალი რანგის სამეცნიერო-კვლევითი პროცესი, როგორც მედიცინაში, ასევე ბირთვულ ფიზიკასა და სამედიცინო ფიზიკაში. ამ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები უხელმძღვანელებენ.
უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია. აქ აკადემიური თამასა ძალიან მაღალია. ყველა ლექცია იქნება ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, ჩვენი სტუდენტები სპეციალობას დაეუფლებიან ინგლისურ ენაზე. ცხადია, უცხოელი პროფესორები ჩართული იქნებიან პირველი სემესტრიდან. სექტემბერში უკვე ჩამოდიან ჩვენი გერმანელი მეგობრები, ძალიან ცნობილი პროფესორები, რომლებიც იცხოვრებენ კამპუსში.
თქვენ თავად გქონდათ საშუალება, დაგეთვალიერებინათ როგორც აკადემიური შენობა, ასევე სტუდენტების საცხოვრებელი და ნახეთ, რომ ეს არის უმაღლეს დონეზე გაკეთებული პროექტი. აქ ყველა პირობაა შექმნილი სწავლისთვის. სტუდენტები იცხოვრებენ ძალიან კომფორტულ გარემოში. თქვენ ასევე იხილეთ აუდიტორიებიც, სადაც ახალგაზრდები განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებენ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს გავლილი აქვს ავტორიზაცია და თითოეული პროგრამა არის აკრედიტებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის უმაღლეს აკადემიურ დონეზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არა მხოლოდ ჩვენი აკრედიტაცია, არამედ ის პროგრამები, რითიც ჩვენი სტუდენტები აქ ისწავლიან, არის მსოფლიო დონის. ისინი არის ზუსტად იმ აკადემიური პროგრამების ანალოგი, რითიც მათი თანატოლები სწავლობენ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის უნივერსიტეტში.“
2020-2021 სასწავლო წელს KIU-ში ჩაბარების სურვილით 1 000-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული.