მზის პანელების მწარმოებელი კომპანია AIONRISE წარმოების ზრდას გეგმავს. როგორც Bm.ge–ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლელა კურტანიძემ განუცხადა, კომპანია ახალ ბაზრებზე შესვლას აპირებს.
„ჩვენს ქარხანაში წარმოებული მზის პანელები მასშტაბურად ამერიკის ბაზარზეა წარმოდგენილი. ის ასევე ხელმისაწვდომია გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ნორვეგიის, შვედეთის, სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრებზეც. ახლა ერთდროულად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ. მათ შორის საწარმოო ხაზის გაზრდაზე. რა თქმა უნდა, საწარმოო ხაზს ვზრდით ბაზარზე არსებული მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, მაგრამ ამავდროულად სხვა ბაზრებზე შესვლის გეგმებიდან გამომდინარეც“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, როგორც ლელა კურტანიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოება ზოგადად ექსპორტზეა ორიენტირებული, კომპანია ქართველ მომხმარებლებთანაც თანამშრომლობს.
"ჩვენ მიერ წარმოებული მზის პანელების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გაგვაქვს. ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად ვყიდით, რაც თვიდან თვემდე სტაბილური არ არის, ამიტომ პანელების რა რაოდენობაზეა მოთხოვნა საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე, კონკრეტული რიცხვების დასახელება რთულია. კომპანია ადგილობრივ მომხმარებლებთან, გადამყიდველებთან და ფოტოელექტრული სადგურების დამყენებელ კომპანიებთან თანამშრომლობს", - ამბობს იგი.
რაც შეეხება განახლებადი ენერგიების მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებს, კომპანიაში ამბობენ, რომ საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა.
"რადგან განახლებადი ენერგიის ეს წყარო ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდაა, არსებობს ბევრი დაბრკოლება საქართველოში და ის ვერ მოახერხებს სხვა წყაროების სრულად ჩანაცვლებას, თუმცა სავსებით შესაძლებელია მოხდეს განსხვავებული ელექტროენერგიის წყაროების წარმოების შერევა, რათა დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. უკვე არსებული ელექტროსადგურები განახლებას საჭიროებენ ჰიბრიდული ელექტროენერგიის მისაღებად, ამას კი დიდ ინვესტიცია სჭირდება, რადგანაც მზის ენერგია არ არის სტაბილური ენერგია, აუცილებელია ინფრასტრუქტურა სათანადოდ იყოს გამართული. ასევე საჭიროა განახლებადი ენერგიის შესახებ კანონმდებლობის კიდევ უფრო განვითარება და დახვეწა", - განაცხადა ლელა კურტანიძემ.
ცნობისთვის, ქუთაისში ქარხანა AIONRISE-ის სახელით, 2021 წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებს. ქარხანას დღეის მდგომარეობით 500 მეგავატის ოდენობის მზის პანელების/ფოტოელექტრული მოდულების წარმოება შეუძლია.