მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვემო ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 70 მლნ ლარი დაიხარჯება

626b958686678
BM.GE
29.04.22 11:33
745
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვემო ქართლში, ჯამში, 70 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში 85 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მოხდება.

უწყების ინფორმაციით, აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე. სარეაბილიტაციო მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას. პროექტის ღირებულება 8.7 მილიონი ლარია და მისი დასრულება 2023 წლის ივნისში იგეგმება.

"სამუშაოები მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15 კმ-იან საავტომობილო გზაზეც. ეს არის გზა, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთის და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს. ამასთანავე, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზაა და ამ გზით ერთმანეთს უმოკლესი მანძილით უკავშირდება ქალაქი რუსთავი და ქალაქი მარნეული.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გრუნტოვანი იყო, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი. გზა ერთმანეთთან აკავშირებს თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს. პროექტის ღირებულება 4.1 მლნ ლარია.

2 პროექტად მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 14 კმ-ის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო მონაკვეთები მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე მდებარეობს და გაივლის სოფლებს: ყიზილ-აჯოლს, ფარიზს და ცურტავს. პროექტების ჯამური ღირებულება 10.2 მილიონი ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

ქვემო ქართლში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახალი ნაგებობების, ასევე მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების გარდა, ქვემო ქართლში, გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ზამთრის პერიოდში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაზიანებული გზების აღდგენა-შეკეთება"-ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები