ქვეშეთი კობის 9-კილომეტრიან გვირაბში 3.3 კილომეტრი უკვე გაყვანილია - ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე 3.3 კილომეტრი არის გაჭრილი მთავარი გვირაბის პარალელურ საევაკუაციო გვირაბშიც.
"ქვეშეთი კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის 3.3 კმ უკვე გაჭრილია და მისი მოსახვა მიმდინარეობს. მასვე მიჰყვება 9-კილომეტრიანი საევაკუაციოო გვირაბი, რომელიც 3.3 კმ-ზე არის გაბურღული. 15 მეტრი იქნება გვირაბის რადიუსი, რაც არის ერთ-ერთი უნიკალური. თავად მჭრელი აპარატიც TBM-იც ათეულში შედის პარამეტრებით.
ახალი გზით გუდაურს უკვე ახალი დაერთება ექნება, არა ის, რომელიც დღეს აქვს, როდესაც სოფელ მლეთას გავლით ადიხართ, არამედ ახალი მონაკვეთიდან ადიხართ რაც იქნება უფრო კარგი და კომფორტული გზა. კურორტ გუდაურში არანაირი ტრანზიტული მოძრაობა აღარ გაივლის,"- განაცხადა გიორგი წერეთელმა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი აშენდება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს დამატებითი ზოლი ექნება. აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
უშუალოდ გვირაბის მშენებლობა 909 მილიონი ლარი ჯდება და მას ჩინური კორპორაცია China Railway Tunnel Group-ი აშენებს.