მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვევრის ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს; გეზი ბალტიის ქვეყნებისკენ გვაქვს აღებული - „ხიმშოს ვაინი“

625dbc4e4bea9
ალა ისპირიანი
23.04.22 20:00
2169
ქართულ ბაზარზე ახალი ქვევრის ღვინო „ხიმშოს ვაინი“ გამოჩნდა. როგორც მეწარმე ილია ხიმშიაშვილი Bm.ge -სთან აღნიშნავს, მთლიან წარმოებაში 25 000 ლარის ინვესტირება განახორციელა, თუმცა მიმდინარე წელს წარმოების ზრდას გეგმავს.

„ღვინის წარმოება პანდემიის პერიოდში დავიწყეთ. თავდაპირველად ერთ ტონა ქვევრის ღვინოს ვაყენებდით, თუმცა ინტერესი მის მიმართ დიდი იყო და 2022 წლამდე წარმოება 4 ტონამდე გავზარდეთ. მისი დაგემოვნება უცხოელმა ტურისტებმა ჩემს მარანში უკვე შეძლეს და ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო ძალიან მოსწონთ. ძირითადად რქაწითელი და ჩინური გვაქვს.

ბაზარი ევროპული ტექნოლოგით დაყენებული ღვინით უკვე გაჯერებულია, ქვევრის ტრადიციული ღვინო კი ცოტა მიჩქმალულია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ქვევრის ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი წარმოება. ღვინოს ქვევრში ვაყენებთ და რამდენიმე თვის შემდეგ, თითქმის 1 წელში, ბოთლში ვასხამთ, რის შემდეგაც სარეალიზაციოდ მზად არის. ამას თავისი დრო და ტექნოლოგია აქვს“,- განაცხადა მეწარმემ.

ილია ხიმშიაშვილის თქმით, ღვინო ადგილობრივ ბაზარზე უკვე იყიდება, თუმცა ორიენტაცია საექსპორტო ბაზარზე აქვთ: „ადგილობრივ ბაზარზე ორ მაღაზიაში შევიტანეთ. ერთი ბოთლის ღირებულება 15-17 ლარია. ექსპორტისთვის ვემზადებით და გეზი ლიტვა ლატვია ესტონეთის ბაზრებზე გვაქვს აღებული".

ცნობისთვის, „ხიმშოს ვაინი“ ქართულ ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები