მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანამ საინჟინრო გამოსავალი უნდა იპოვოს იმისთვის, რომ რიკოთის გზა იყოს უსაფრთხო“- ჩხობაძე

მაგისტრალი

„მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, რიკოთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან მიმართებით გარემოს ზემოქმედების შესახებ საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა, რის გამოც პროცესები გართულებების ფონზე მიმდინარეობს.

მისი თქმით, პროექტის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის, აუცილებელია, ქვეყანამ სწორი საინჟინრო გამოსავალი იპოვოს და ამისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი მოიძიოს.

„რიკოთთან მიმართებით შეცდომები იყო დაშვებული დასაწყისში, დაპროექტების დროს. როცა ვიხილავდით გარემოს ზემოქმედების შეფასებას, მაშინაც ჩემმა ორგანიზაციამ მიუთითა, რომ აუცილებელი იყო დამატებითი კვლევების ჩატარება, რაც არ იქნა გათვალისწინებული და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

დღეს მიდის მომხდარ ფაქტზე რეაგირება, რაც უფრო ძვირი ჯდება. ამიტომ, სულ თავიდან უნდა დაიხარჯოს თანხები სწორ შესწავლაზე და შეფასებაზე და მერე დაიწყოს მშენებლობა. არ უნდა გვეჩქარებოდეს პროექტების დაწყება, ჯერ კარგად უნდა განვსაზღვროთ, რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ საკითხის გაკეთება და რამდენად კარგად გავაკეთებთ ამას. ბოლო პერიოდში ყველგან, სადაც კი ბუნებრივი კატასტროფა მოგვივიდა, ყველგან იყო ანალოგიური შეცდომები დაშვებული, ანუ ჯერ ქმედებას ვიწყებთ და მერე გვახსენდება, რომ გეოლოგიაც არსებობს და ჰიდროლოგიაც.

ნამდვილად არ იყო იმ დონის კვლევები ჩატარებული, რომელიც სჭირდებოდა რიკოთს, დააკლდა ეს კვლევები და სწორედ ამის გამოვლინებაა ის, რაც ახლა ხდება. ღია მსჯელობა უნდა ყოფილიყო ყველა გადაწყვეტასთან დაკავშირებით მანამ, სანამ ეს პროცესები დაიწყებოდა. ახლა საინჟინრო გამოსავალი უნდა იპოვოს ქვეყანამ იმისთვის, რომ რიკოთის გზა იყოს უსაფრთხო, ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა უფრო მეტი თანხა დაჯდება, ვიდრე დაგეგმილი იყო.“ - განაცხადა ჩხობაძემ.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას ჩხობაძემ ბოლო პერიოდში მეწყრული პროცესების გახშირების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტიქიებთან ბრძოლისთვის ქვეყანა მომზადებული არ აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები