დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეისთვის კორონავირუსის დელტა შტამით (ინდური) 18 ადამიანია ინფიცირებული.
როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ყველა დადასტურებული შემთხვევა საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი.
„სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში დელტა შტამის ფუნქციონირება ძალიან იმატებს. დელტა შტამი ძალიან ბევრ ქვეყანაში წამყვანი ხდება. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ბრუნდებიან.
დღეისათვის ამ შტამით ინფიცირების 18 შემთხვევაა დადასტურებული ანუ დღეს უკვე გავრცელებას ე.წ. ინდური შტამი იწყებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე განმარტებით, დღეისთვის არსებული ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიოში არსებული ვაქცინები ძალიან კარგად იცავენ გარდაცვალებისგან და რეანიმაციაში მოხვედრისგან, თუმცა სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვანაირი კლინიკური დაცვა აქვს. „შეიძლება ადამიანს დაემართოს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა, რომელიც არ გამოიწვევს რეანიმაციის საჭიროებას“, - აღნიშნა იმნაძემ.