"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ახალი მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ხაზგგასმულია, რომ საქართველოში წვრილმანი კორუფციის მხრივ გამორჩეულად კარგი ვითარებაა, მაგრამ მაღალი დონის მსხვილი კორუფციული გარიგებების წინააღმდეგ სახელმწიფო აღსრულების სათანადო მექანიზმებს არ იყენებს და ის თითქმის სრული დაუსჯელობით ხასიათდება.
კორუფცია საქართველოში - ანგარიში:
"კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით, თუმცა ამავე დროს, თითქმის სრული დაუსჯელობით მაღალი დონის კორუფციის მიმართ.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, საქართველოში მთელი რიგი ფართომასშტაბიანი რეფორმები განხორციელდა, რომლებმაც წარმატებით აღმოფხვრა წვრილმანი კორუფცია მანამდე მასობრივად კორუმპირებულ სახელმწიფო სამსახურში. რეფორმების შედეგად, მთლიანად შეიცვალა საგადასახადო სისტემა და პოლიცია, შემუშავდა სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების მიდგომა და განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების მთლიანი გაციფრულება და საზოგადოებისთვის გახსნა.
რეფორმების შედეგად პროცესების გაციფრულებამ, ავტომატიზაციამ და ცენტრალიზაციამ მკვეთრად შეამცირა ქრთამის აღების შესაძლებლობები და წვრილმანი კორუფციის მაჩვენებელი მინიმუმამდე დაიყვანა. ეს მიღწევა დღემდე შენარჩუნებულია - ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ ყოველწლიურ გამოკითხვებში, იმ რესპონდენტთა რაოდენობას, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, 1%-ისთვის არასოდეს გადაუჭარბებია.
ამ წარმატების მიუხედავად, ბოლო 18 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა იმავე დონის ამბიციური რეფორმები, რომლებიც მაღალი დონის (ე.წ. „ელიტური“) კორუფციის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. შედეგად, ამ პერიოდში არსებული ორივე მთავრობის მიმართ ისმის ბრალდებები მაღალი დონის კორუფციისათვის დაუსჯელობის გარემოს შექმნის შესახებ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში კორუფციული გარემო საგრძნობლად გაუარესდა, რასაც თან ერთვის ანტიკორუფციული რეფორმების თითქმის სრულად შეჩერება. აღნიშნულს შემდეგი გარემოებები ადასტურებს:
2012 წლის შემდეგ, „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. 2020 წლის შეფასებაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოში სახელმწიფოს მიტაცება და ძირითად ინსტიტუტებზე არაჯეროვანი ზეგავლენა წარმოადგენს მთავარ გამოწვევას“.
საქართველოში ბოლო ოთხი წლის მანძილზე საერთაშორისო ანტიკორუფციული რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა არ აღინიშნა. საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების დღის წესრიგის ანტიკორუფციული ნაწილის შესასრულებლად შემუშავებული ეროვნული სამოქმედო გეგმები დიდწილად სხვადასხვა ტიპის ტრენინგების ორგანიზებაზე იყო ფოკუსირებული და არ ითვალისწინებდა ისეთი მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევას, როგორებიცაა მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) ბოლო, 2019 წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ საქართველოს 81 რეკომენდაციიდან უმრავლესობის შესრულების კუთხით წინსვლა არ ჰქონია. მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია რეგულარულად ახლდება, ის კვლავ ვერ უმკლავდება მთავარ გამოწვევას, რაც მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლას გულისხმობს.
ძირითადი ანტიკორუფციული მექანიზმები პრაქტიკაში ჯერაც არ მოქმედებს:
(1) მამხილებელთა დაცვის მექანიზმი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს; ეს კანონი სამართალდამცავ უწყებებზე არ ვრცელდება;
(2) ინტერესთა შეუთავსებლობისა და „მბრუნავი კარის“ საწინააღმდეგო დებულებების აღსრულებისათვის ქმედითი მექანიზმები არ არსებობს.
მაღალი დონის კორუფციისა და მასზე რეაგირების შესახებ საზოგადოების აღქმები წვრილმან კორუფციასთან დაკავშირებული აღქმებისგან ძალზედ განსხვავდება: გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია ან ძალიან გავრცელებულია, ხოლო 47% ფიქრობს, რომ როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება, კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება არ ხდება (29% მიიჩნევს, რომ სათანადო გამოძიება ხდება).
ბოლო წლებში გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. 2021 წლის მარტში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 50 ასეთი შემთხვევის სია გამოაქვეყნა, რომლებშიც მაღალი რანგის საჯარო მოხელეები ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები იყვნენ ჩართული.
რაც შეეხება 2016 წლის შემდეგ გადადგმულ დადებით ნაბიჯებს, 2019 წელს მიღებულ იქნა კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, ხოლო 2017 წელს ამოქმედდა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი; თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგი არ მოიცავს ინტერესთა შეუთავსებლობის ან უკანონო გამდიდრების შემთხვევების გამოვლენას.
ანტიკორუფციული რეფორმების შენელება და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნების არარსებობა საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემით აიხსნება, რომელიც ყველა მთავრობას პოლიტიკური ძალაუფლების მთლიანად საკუთარ ხელში კონცენტრირების საშუალებას აძლევს, თუმცა აღნიშნულ ვითარებას ამჟამად კიდევ უფრო საგანგაშოდ აქცევს მოქმედი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ძალაუფლების არაფორმალური სტრუქტურების არსებობა, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების პარალელურად ოპერირებენ. ოფიციალურ სტრუქტურებზე ძალაუფლების ამ არაფორმალური სტრუქტურების გავლენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დაასკვნა, რომ საქართველოში ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცებას, რაც დემოკრატიულ კონტექსტში კორუფციის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს.
ბიძინა ივანიშვილი ამჟამინდელი მმართველი პარტიის დამფუძნებელია. ის საქართველოში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც 5.5 მილიარდ ა.შ.შ. დოლარად, ანუ საქართველოს მშპ-ის 30%-ად, არის შეფასებული, თუმცა ის, საკუთარი ქონების საზოგადოებისგან დასამალად, ნდობით აღჭურვილ პირებსა და ოფშორულ კომპანიებს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს საჯარო თანამდებობა მხოლოდ 2012-2013 წლებში ეკავა, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, არავის, მათ შორის, არც მმართველი პარტიის თანამდებობის პირებს, დაუმალავს, რომ ის გადადგომის შემდეგაც აქტიურად მონაწილეობდა ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიცაა პრემიერ-მინისტრების გათავისუფლება და დანიშვნა. მეტიც, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითად ორგანოებში უმაღლეს თანამდებობებზე ის პირები ინიშნებიან, რომლებიც ივანიშვილისადმი ლოიალურად არიან განწყობილი ან წარსულში მის კომპანიებში მუშაობდნენ.
ამ კონტექსტში მაგალითად გამოდგება ორი მთავარი უწყება, რომელსაც საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა ევალება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელ უფროსს წარსულში ივანიშვილის რამდენიმე კომპანიაში ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა, მისი წინამორბედი კი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო. ყოფილი გენერალური პროკურორი წარსულში ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ხოლო მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა ვერ შეძლო პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირება. ასეთ გარემოებებში, შეუძლებელია, რომ არსებული ანტიკორუფციული უწყებები ისე ებრძოლონ მაღალი დონის კორუფციას, რომ პოლიტიკური და არაჯეროვანი გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მის პარტნიორ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ზემოთ აღწერილ რთულ ვითარებაში ერთადერთი რეფორმა, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლის მხრივ მყისიერი შედეგის მოტანა შეუძლია, გულისხმობს დამოუკიდებელი, მრავალფუნქციური ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რომელსაც უშუალოდ მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა დაევალება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ასეთი სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტს 2020 წელს წარედგინა. ამის მიუხედავად, იმავე წლის შემოდგომაზე არჩეულმა პარლამენტმა აღნიშნული წინადადების შემდგომ განხილვაზე უარი თქვა," - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშში.