2022 წელს საქართველოს $19 მლრდ-იან სავაჭრო ბრუნვაში, ექსპორტს 29.3% ეკავა. ქვეყანამ საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა დასახელების საქონლის რეალიზებით 5 მილიარდ 592 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ექსპორტს 31.8%-ით აღემატება.
ექსპორტის ზრდის პირობებში, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში, ერთ-ერთი მსხვილი პროდუქტის - მინერალური და მტკნარი წყლების რეალიზება 20.7%-ით შემცირდა. შედეგად, ქვეყანამ საზღვრებს გარეთ ამ საქონლის გაყიდვით 112 მილიონი 517 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ექსპორტზე 203 485 ტონა წყალი გაიტანა.
საანგარიშო პერიოდში მინერალური და მტკნარი წყლების მთავარი საექსპორტო ბაზარი, წინა წლების მსგავსად რუსეთი იყო. უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებიდან მინერალური წყლების რეალიზება ყაზახეთში, უზბეკეთში, მცირედით ისრაელსა და გერმანიაში გაიზარდა. აზერბაიჯანის შემთხვევაში ექსპორტი შენარჩუნდა, რუსეთის, უკრაინის, ლიეტუვის, ბელარუსის და აშშ-ის მიმართულებით კი შემცირდა.
TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:
1. რუსეთი - 50.9 მლნ დოლარი, 92 126 ტონა;
2. ყაზახეთი - 23.9 მლნ დოლარი, 40 138 ტონა;
3. უკრაინა - 9.5 მლნ დოლარი, 22 869 ტონა;
4. ლიეტუვა - 6.5 მლნ დოლარი, 10 902 ტონა;
5. ბელარუსი - 5.6 მლნ დოლარი, 12 120 ტონა;
6. უზბეკეთი - 4.7 მლნ დოლარი, 7 625 ტონა;
7. აზერბაიჯანი - 1.6 მლნ დოლარი, 4 029 ტონა;
8. ისრაელი - 1.5 მლნ დოლარი, 2 196 ტონა;
9. გერმანია - 1.2 მლნ დოლარი, 1 178 ტონა;
10. აშშ - 1.2 მლნ დოლარი, 2 353 ტონა.
BM.GE-სთვის საქსტატიდან გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში უმსხვილესი საექსპორტო კომპანიების ათეულში შედიან:
• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
• სს წყალი მარგებელი;
• შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო;
• შპს აქვა გეო;
• შპს საირმე მინერალ ვოთერსი;
• შპს ვოთერლენდი;
• შპს ანაკლია;
• შპს ლაღი;
• შპს წაღვერი;
• შპს ჯი ოუ გრუპ.
ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.