საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსი 0.57–ია, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს დაბადებული ბავშვი ზრდასრულობის ასაკში თავისი პროდუქტიულობის მხოლოდ 57%–ის მიღწევას შეძლებს, - ასე განმარტა BMG-ისთან ინტერვიუში მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, აჰმედ ლევენტ იენერმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის კუთხით არსებული ვითარება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსი 0.61 იყო.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.
როგორც აჰმედ ლევენტ იენერმა განმარტა, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის ზრდას ორი მთავარი გამოწვევა უშლის ხელს, ესენია ჰარმონიზებული ტესტების ქულები და ზრდასრულთა გადარჩენის მაჩვენებელი.
„ჰარმონიზებული ქულებისთვის ჩვენს საერთაშორისო ტესტებს ვეყრდნობით – მაგალითად, პიზას. ქართველი სტუდენტი ჯამური 625 ქულიდან საშუალოდ 400 ქულას იღებს. რაც შეეხება გადარჩენის მაჩვენებელს – 15 წლის ადამიანების მხოლოდ 85% აღწევს 60 წელს – სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ახალგაზრდა ადამიანების წინაშე ჯანმრთელობის ბევრი რისკია. კიდევ ერთი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს ჯანსაღად განვითარების მაჩვენებელია. საქართველოში, როცა კვლევებს ვატარებდით 2018–ში და შემდეგ 2020–ში, ბავშვის ზრდის შეჩერების მაჩვენებელი ხელმისაწვდომი არ იყო, თუმცა ამ ახალ მიმოხილვაში, ეს ტენდენციებიც გვაქვს გაანალიზებული – ვხედავთ, რომ საქართველოში ბავშვების 6% აჩერებს ზრდას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა შემდგომი კოგნიტური განვითარებისთვის“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.
მისივე განმარტებით, ადამიანური კაპიტალის ინდექსში თითქმის ყველა ის ქვეყანა ხვდება, ვისთანაც მსოფლიო ბანკი თანამშრომლობს. ეს ინდექსი აჩვენებს, რომელ ქვეყნებს აქვთ საუკეთესო პრაქტიკა და სხვა ქვეყნებმა, რა შეიძლება ისწავლონ ამ პრაქტიკიდან. აჰმედ ლევენტ იენერის თქმით, სინგაპური ამ კუთხით საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში – მისი ქულაა 0.88. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო 30 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება სინგაპურს. „ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის შემთხვევაში, ფინეთია ყველაზე მაღალი ქულის მქონე ქვეყანა – 0.79. საქართველოს მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების შესაბამისი ქულა აქვს, მაგრამ საქართველო ამბიციური ქვეყანაა. მას უფრო დიდი მიზნები აქვს – მისი მიზანია ევროპასთან ინტეგრაცია“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაფინანსება ჯამში დაახლოებით 500 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 400 მლნ დოლარი მსოფლიო ბანკმა, 100 მლნ ევრო კი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) გამოყო. აღნიშნული კრედიტი იქნება გამორჩეულია იმით, რომ ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები გააგრძელებენ მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად და შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოხდება ამ თანხის ანაზღაურება ქვეყნისთვის.