მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დარღვევები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა "თბილსერვისის" საქმიანობაში

კახა კალაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ "თბილსერვის ჯგუფის" 2020-2021 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიის შესყიდვების პოლიტიკაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რაც ტენდერების ჩატარების წესებს და მათ პირობებს უკავშირდებოდა. 

"თბილსერვისის" ძირითად საქმიანობას დედაქალაქში მყარი ნარჩენების მართვა, ქუჩების დაგვა-დასუფთავება, სადრენაჟე არხების მართვა, ზამთარში ტექნიკური მარილის მოყრა წარმოადგენს. ამ ფუნქციას კომპანია 5 ათასამდე თანამშრომლის და 1,000-მდე სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ასრულებს. აუდიტის მიხედვით კომპანიის შემოსავალი 2021 წელს 120 მილიონ ლარს, მისი ხარჯები კი 125 მილიონი ლარი იყო, რის გამოც კომპანიამ 5 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ამასთან, როგორც ირკვევა, კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო არა დასუფთავების მოსაკრებელი, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სუბსიდიაა, რამაც 2021 წელს 82 მილიონი ლარი შეადგინა. 

ინტერესთა კონფლიქტი ტენდერში:

020 წლის 21 აგვისტოს თბილსერვისმა ტენდერი გამოაცხადა სახიფათო ნარჩენების გატანა/განადგურების მომსახურების შესყიდვის შესახებ, სავარაუდო ღირებულებით − 517.2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს „სანიტარმა“, რომელმაც გაიმარჯვა და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით − 417.9 ათასი ლარი.

ტენდერის პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი სატენდერო კომისიის წევრსა და გამარჯვებულ საწარმოს შორის. კერძოდ, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი − შპს „სანიტარი“ და სატენდერო კომისიის წევრის ნათესავი ფლობენ შპს „სანიტარი +“-სს. შესაბამისად, პრეტენდენტი და სატენდერო კომისიის წევრი არიან ურთიერთდამოკიდებული მხარეები.

მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიის წევრმა წერილობით არ დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობა შესყიდვის პროცესში გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს. აღნიშნულით დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები გარდა ამისა, გამოვლინდა ხარვეზები შესყიდვის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში.

კერძოდ:  ტენდერზე შესყიდვის საგანს წარმოადგენდა 10 დასახელების, მათ შორის 450,000 ცალი გარე განათების სახიფათო ნარჩენის გატანა/განადგურება. შესწავლით დგინდება, რომ "თბილსერვისი" არ აწარმოებდა უვარგისინარჩენების აღწერას კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით.

უვარგისი ნარჩენების რაოდენობის შესახებ არ არის შედგენილი შესაბამისიაღწერის აქტი. შესაბამისად ვერ დგინდება რეალურად რამდენი ნათურა იყო გასანადგურებელი.  მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, მიმწოდებელმა სულ გაიტანა და გაანადგურა 435,600 ცალი ნათურა, ღირებულებით − 348.5 ათასი ლარი. "თბილსერვისის" საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე − 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თბილისის გარე განათების ქსელიდან ნათურების სახიფათო ნარჩენების რაოდენობა აღრიცხული იყო 272,513 ერთეული. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გასანადგურებელი ნარჩენები 2017 წლამდეც არსებობდა, თუმცა ბუღალტრულად არ იყო აღრიცხული. 

შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება არასათანადოდ ტარდებოდა. ინსპექტირების დასკვნებით დადასტურებულია 348.5 ათასი ლარის ღირებულების 435,600 ცალი უვარგისი ნათურის განადგურება. თუმცა, ნარჩენების განადგურების პროცესს უწყვეტად ესწრებოდა თუ არა წარმომადგენელი და ხდებოდა თუ არა გადათვლა, თბილსერვისმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი დოკუმენტური მტკიცებულებები.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, თბილსერვისმა შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის პირობები. გარდა ამისა, უვარგისი მარაგების ინვენტარიზაცია არ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებულიმოთხოვნების დაცვით. შესყიდვის დაგეგმვასა და მონიტორინგში არსებულიკონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, ნარჩენების განადგურების მომსახურების შესყიდვის პროცესი მიმდინარეობდა არასათანადოდ.

ტენდერში მონაწილე კომპანიების არათანაბარ პირობებში ჩაყენება:

2021 წელს "თბილსერვისმა" გამოაცხადა ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერი, ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების შესყიდვის მიზნით, სავარაუდო ღირებულება კი 2,875.0 ათასი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, რომელთაგანაც ყველაზე დაბალი ფასი − 2,135.6 ათასი ლარი დააფიქსირა შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“. აღნიშნულ პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, რადგან მის მიერ წარდგენილ ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიების იურიდიული დასახელებები სრულად არ ჰქონდა მითითებული.

საბოლოოდ, კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა მომდევნო პრეტენდენტი − შპს „ჯი-თი გრუპი“, სატენდერო ღირებულებით − 2,623.1 ათასი ლარი, რომლის ფასი 487.5 ათასი ლარით მაღალია დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის ფასთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად შეიცვალა, შემსყიდველმა არ შეწყვიტა ტენდერი და არ გამოაცხადა ხელახლა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს თბილსერვისმა ჩაატარა მსგავსი ტენდერი , რომელშიც მონაწილეობდა შპს „ჯი-თი გრუპი“. ამ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მისაწოდებელი საქონლის მწარმოებელი კომპანიის იურიდიული დასახელებები სრულად არ იყო მითითებული, თუმცა კომისიამ ის გამარჯვებულად გამოაცხადა. ამდენად, ერთსა და იმავე პირობებში, შემსყიდველმა ერთ პრეტენდენტს მიანიჭა დისკვალიფიკაცია, ხოლო მეორე − გამარჯვებულად გამოავლინა, რაც შესყიდვის მონაწილეებს არათანაბარ პირობებში აყენებს და მიუთითებს მიმწოდებლების მიმართ არაობიექტურ და არაერთგვაროვან მიდგომაზე.

აუდიტის დასკვნით, თბილსერვისმა შესყიდვის პროცედურები წარმართა იმგვარად, რომ შემსყიდველს პრეტენდენტების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომა გააჩნდა. შედეგად, "თბილსერვისმა" სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. 

ინფორმაციისთვის: შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა (ბიუჯეტიდან განსაზღვრული ფულადი თანხის გამოყოფა დამტკიცებული ხარჯების გასაწევად) ფარგლებში.

ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები