მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა კავკასიის უნივერსიტეტის სამი პროექტი? - კახა შენგელია

უნივერსიტეტის დამფუძნებელი
BM.GE
31.07.23 22:35
2

კავკასიის უნივერსიტეტი განვითარებას დედაქალაქის გარდა რეგიონებში განაგრძობს, რისთვისაც ჯამში 500 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაანონსებული და განხორციელებული პროექტების შესახებ უნივერსიტეტის დამფუძნებელმა კახა შენგელიამ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მისი თქმით, ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და სკოლა სტუდენტებისა და მოსწავლეების მიღებას 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

„ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტისა და სკოლის ახალი შენობების მშენებლობა დასრულებულია, ახლა მიდის საფასადე და შიდა სამუშაოები. მომავალი წლის სექტემბერში სკოლასა და უნივერსიტეტში პირველ სტუდენტებსა და მოსწავლეებს მივიღებთ. ამ შენობების ამოქმედების შემდეგ კი 2024 წლიდან 21-სართულიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას დავიწყებთ, რომლის დასრულებაც 3 წელიწადში იგეგმება.

უნივერსიტეტის ახალი კამპუსი 3 000 – 4 000 სტუდენტზეა გათვლილი, სკოლა კი 1 000 მოსწავლის მიღებას შეძლებს, საერთო საცხოვრებელში 500 სტუდენტის განთავსებას შევძლებთ“, - განაცხადა შენგელიამ.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიმართულებით ახორციელებს, თბილისში ახალი კამპუსის მშენებლობაა.

„კავკასიის უნივერსიტეტი კამპუსის აშენებას თბილისშიც გეგმავს, ჩვენს დიდ კამპუსში უკვე ვერ ვეტევით. ჩვენ ქალაქის მერიის დახმარებით შევიძინეთ მიწა და მერიის დახმარებითვე ძალიან ლამაზი კამპუსი აშენდება. თუმცა შეიძლება ესეც არ გვეყოს და ერთი დამატებითი კამპუსი ქალაქის სხვა უბანში ავაშენოთ. ამ კამპუსის აშენება 2-3 წელიწადში იგეგმება და სტუდენტების რაოდენობა 2-3 ათასით გაიზრდება“, - აღნიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

რეგიონებში უნივერსიტეტის საქმიანობის გაფართოების პროექტებში შედის განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელებული პროექტი, რომელიც გურჯაანში პროფესიული განათლების კუთხით სრულდება.

„გურჯაანში განათლების სამინისტროს დაფინანსებით, ბასკებთან თანამშრომლობით უმაღლესი დონის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება. პროექტი 2024 წელს უნდა დასრულებულიყო და ეს გეგმა შესრულდება. 2025 წლიდან კი პროფესიულ კულინარიულ სასწავლებელში პირველ სტუდენტებს მივიღებთ“, - აღნიშნა კახა შენგელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები