მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა თბილისის მიმდინარე პროექტები? - ანდრია ბასილაიას განმარტება

6489809ddd259
თინათინ ნატმელაძე
14.06.23 23:55
696
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია BMG-სთან თბილისში მიმდინარე პროექტების ამჟამინდელ მდგომარეობასა და დასრულების ვადებს მიმოიხილავს.

მისი თქმით, ზღვის უბნის პარკში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, მნახველებს სტუმრობა ამ დროიდან უკვე შეეძლებათ, თუმცა გამწვანების სამუშაოების დასრულება მომდევნო წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.

"გარკვეული შეფერხებები იყო ზღვის უბნის პარკთან დაკავშირებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური მშენებლობა, მაგალითისთვის - ვაკის პარკი 18 ჰექტარია, ზღვის უბნის პარკი კი 20 ჰექტარზე მეტია. პარკის გახსნის ვადა იყო მაისი, თუმცა მისი მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე მოგვიწია გარკვეული ცვლილებების შეტანა, რამაც ვადების ცვლილებაც გამოიწვია", - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე.

რაც შეეხება დიღმის ჭალების პროექტს, ბასილაიას განმარტებით, პროექტი უკვე მზადაა, თუმცა მშენებლობის დასაწყებად აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებას ელოდებიან.

"დიღმის ჭალების პროექტში ჩაერთო აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს, ჩვენ, ფაქტობრივად, ბოლოში ვართ გასულები, ველოდებით ბანკის დაფინანსებას, პროექტი უკვე მზადაა. მომავალ წელს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს", - ამბობს ანდრია ბასილაია.

მერის მოადგილე ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონის გაფართოების საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ლოკაცია მოწყობის დღიდან საკმაოდ პრობლემატური ნაწილია.

"მისი მოწყობა 2011 წელს გადაწყდა ყველანაირი სტანდარტების დაცვის გარეშე, ამის გამო ჩვენ მთელი რიგი პრობლემები გვაქვს, მათ შორის ნაჟური წყლები, გარემო დაბინძურება და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ მესამე უჯრედს ვაფართოვებთ და ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, რომ მეოთხე უჯრედი ამოქმედდეს და ჩაეშვას. მომავალ წელს მეოთხე უჯრედის გაფართოება უნდა დასრულდეს", - უთხრა ბასილაიამ BMG-ის.

აღსანიშნავია ისიც, რომ კითხვაზე, ხომ არ დგას დღისწესრიგში ორთაჭალის ბულვარის პროექტის გაახლება, თბილისის მერის მოადგილე პასუხობს, რომ კოვიდ პანდემიის გამო შეჩერებული პროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა ის საკმაოდ მნიშვნელოვანი წამოწყებაა, ამიტომ როდესაც საბიუჯეტო განხილვები დაიწყება, მერია მის დღის წესრიგში დაწყებას გეგმავს, სწორედ ამიტომ, პროექტის შესახებ დეტალური განმარტებების გაკეთება შემოდგომიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები