მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად მიაწვდის "სოკარი" ფერმერებს აგროდიზელს - მემორანდუმი გაფორმდა

5ebea460baad2
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.20 18:30
3510
"შერჩევის დროს, "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა ქართველ ფერმერებს დიზელის საწვავი", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანიასთან მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

მათი ცნობითვე, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.

ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს" შორის თანამშრომლობის შეთანხმება დღეს გაფორმდა. მემორანდუმი ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანიის "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" დირექტორმა ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი, ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.

"შერჩევის დროს, კომპანიამ "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა ქართველ ფერმერებს დიზელის საწვავი. ჩვენი ფერმერები მიიღებენ მაღალი ხარისხის დიზელს, რაც მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გვაქვს იმედი, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდება და გვექნება საშუალება, რომ ფერმერების მხარდასაჭერად ის მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რა ფასად მიიღებენ ფერმერები დიზელს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმისგან"?

მემორანდუმის თანახმად, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

სამინისტროს ცნობით, საწვავის ბარათების გადაცემა განხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ხოლო აჭარის რეგიონში, არსებულ მუნიციპალურ ცენტრებში.

ცნობისთვის, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია რომ დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200 000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს, შედეგად, ისინი, ჯამში, 40 მლნ-მდე ლარის დაზოგვას შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები