პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში, რუსთავში, მეგობრობის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში ΒΜ.GE-ს განუცხადეს, რომ პროექტი ვადების დაცვით ხორციელდება და პირველი ეტაპის სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება.
მათივე ინფორმაციით, რუსთავში, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ჯამში, 2022 წელს, 17 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯამური ინვესტიცია 30 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის 9 მლნ ლარზე მეტი მუნიციპალური განვითარების ფონდის გრანტია.
„მეგობრობის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, რუსთავში ცხრა შენობა რეაბილიტირდა, ხოლო სამი შენობა პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში არის რეაბილიტირებული. მეორე ეტაპით გათვალისწინებული ათი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეა.
საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის სამუშაოების ფარგლებში შენობის ფასადები, ფანჯრები და ვიტრაჟები შეიცვალა, განათების სისტემა და გამწვანება მოეწყო. რაც შეეხება ველობილიკების და საფეხმავლო ზოლის მოწყობას, სამუშაოების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი 2023 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს“, - განუცხადეს ΒΜ.GE-ს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში და აღნიშნეს, რომ პროექტის მეორე ეტაპი აღნიშნული სამუშაოების გაგრძელებას ითვალისწინებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გრანტის სახით, რუსთავის მუნიციპალიტეტს 6 509 257 ლარი გადასცა, რომლითაც ქალაქში მიმდინარეობს: რუსთავის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაცია, შოთა რუსთაველის სახელოების მოედნისა და ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია. დასრულებულია დიდების მემორიალის მოპირდაპირედ არსებული სკვერის სარებილიტაციო სამუშაოები და დიდების მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის სახით გამოიყო ასევე, ამავე პროგრამის ფარგლებში, 2 820 033 ლარი, რომლითაც ქალაქში 80 ლიფტი ახლით ჩანაცვლდა. ამასთან, 2022 წელს რუსთავში სულ 120 ლიფტი შეიცვალა ახლით და როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი მუშაობას აგრძელებს.
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში მიმდინარე სამუშაოები 2023 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს“,- განუცხადეს BM.GE-ს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.