მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოარჩევს ჩინეთის საექსპორტო ბაზარს სხვა ქვეყნებთან შედარებით?

6151cee96e41d
დავით ჯალაღონია
27.09.21 22:20
1268
საგარეო ვაჭრობის ბოლო მონაცემებით, ჩინეთი საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია, 421.8 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროდუქციით, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის, ანუ იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელს 42%-ით აღემატება.

დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროკავშირში სპილენძის მადნების ექსპორტის შემცირება და ამ პროდუქტის სწორედ ჩინეთში გადამისამართებაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსთვის წმინდა საექსპორტო პროდუქცია არ არის, რადგან საკმაოდ დიდი წილი სომხეთიდან შემოტანილი მადნების რეექსპორტზე მოდის. სამაგიეროდ, ხუთი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტის ჩამონათვალშია სამედიცინო ხელსაწყოები, ღვინო და ალუმინი.



რა უპირატესობები აქვს ჩინეთის ბაზარს, საქართველოსთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გათვალისწინებით, ამ საკითხზე BM.GE “პი ემ სი კვლევითი” ცენტრის დირექტორს გიორგი ხიშტოვანს ესაუბრა, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით გასულ წელს მომზადებული ანალიზის დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორია.

“უპირველეს ყოვლისა, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ დამატებით არის რამდენიმე ფაქტორი, რაც სხვებთან შედარებით უფრო საინტერესოს ხდის ჩინეთის ბაზარს. ეს არის ამ შემთხვევაში შესვლასთან დაკავშირებული დამატებითი რეგულაციების სიმცირე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარიც ღიაა ჩვენთვის, იქ დამატებითი არასატარიფო რეგულაციები ართულებს ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას და შესაბამისად, უფრო ურთულდება ექსპორტიორს ასეთ რისკზე წასვლა. ჩინეთი ამ შემთხვევაში არის უფრო ღია, რადგან არ აწესებს არასატარიფო დამატებით შეზღუდვებს და შესაბამისად, მწარმოებელი არ არის იძულებული, დამატებითი პირობები დააკმაყოფილოს ბაზარზე შესვლისთვის.

მეორე, რაც ცალსახაა - ჩინეთი მსოფლიოში, მოსახლეობის მხრივ ყველაზე დიდი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარი უსასრულოდ დიდია და ამავდროულად ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე გამოვიდა სიღარიბის მდგომარეობიდან და ქვეყანა, რომელიც ბოლო 25 წელია, ძალიან მაღალი ტემპებით იზრდება, შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლებიც იზრდება და მზაობა მოსახლეობისა, რომ მეტი თანხა დახარჯოს სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე, სერვისებზე, არის მზარდი. ღვინის ბაზარი რომ ავიღოთ, ვიცით, რომ ჩინეთში ღვინო უფრო და უფრო მოხმარებადი პროდუქტი ხდება, შესაბამისად, იზრდება მოხმარება და მზაობა ჩინეთისთვის მეტი ღვინის მიწოდების, რაც თავისთავად ქართულ ღვინოზე მოთხოვნას ზრდის.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტორია - ჩინეთი, როგორც წესი, ძალიან ბევრი ბუნებრივი რესურსის შემსყიდველი ქვეყანაა და აქაც, ჩინეთთან ჩვენი ექსპორტის უკანასკნელი ზრდა დაკავშირებულია ასეთი ბუნებრივი რესურსების, ან გადამამუშავებელი რესურსების ექსპორტის ზრდასთან და აქაც მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი, როგორც მზარდი ეკონომიკა, დიდი ოდენობით ბუნებრივ რესურსებს მოითხოვს და მსოფლიო ეკონომიკა გადაწყობის რეჟიმშია. მაგალითად, მანგანეზი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია საქართველოსთვის, თავის დროზე სხვა ბაზრებზე გადიოდა, ახლა ამისთვის ჩინეთის ბაზარიც საექსპორტოა და უნდა მოველოდოთ, რომ ჩინეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით მოწინავე პოზიციებს დაიკავებს”, - განმარტა გიორგი ხიშტოვანმა.

ჩინეთის შემდეგ, საქართველოსთვის ხუთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები