მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტის აკრძალვას?

63abf8e9d2cea
გიორგი თოლორდავა
28.12.22 12:17
858
კრემლის მხრიდან მრავალკვირიანი მუქარისა და რიტორიკის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს კრძალავს იმ ქვეყნებში, სადაც რუსულ ნავთობზე ფასის 60-დოლარიანი ლიმიტია დაწესებული. აკრძალვა ძალაში 2023 წლის პირველი თებერვლიდან შევა და ის ხუთი თვის განმავლობაში იმოქმედებს, რის შემდეგაც რეგულაციის პირობები გადაიხედება. რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი „დიდი შვიდეულის“ წევრ სახელმწიფოებს აქვთ დაწესებული, რომელიც მოიცავს: აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, ავსტრალიასა და ევროკავშირის ქვეყნებს.

წესით, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებამ ზემოხსენებულ ქვეყნებში უნდა შეზღუდოს ნავთობის ექსპორტი, თუმცა საქმე ისაა, რომ ზემოჩამოთვლილმა ქვეყნებმა G7-ის ფასის ლიმიტის ამოქმედებამდე რამდენიმე თვით ადრე ინდივიდუალურად მიიღეს რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება, როგორც მილსადენის, ასევე საზღვაო გზით, შესაბამისად, პუტინის გადაწყვეტილებას საერთაშორისო ბაზარზე რეალური გავლენა ვერ ექნება.

უფრო კონკრეტულად, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება აშშ-ისა და კანადის მთავრობებმა მარტის თვეში მიიღეს; დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ კი - აპრილსა და მაისში.

ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში რუსეთის უმთავრეს სარეალიზაციო ბაზრად აზიის რეგიონი, კერძოდ, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი იქცა, ზემოხსენებული სახელმწიფოები კი ბარელ Urals-ში ისედაც 60 დოლარზე ნაკლებს იხდიდნენ, მიუხედავად საერთაშორისო ბირჟაზე Brent-ის ფასის 90-100-დოლარიან ნიშნულამდე გაზრდისა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე Brent-ისა და Urals-ის ფასები თითქმის იდენტური იყო, თუმცა ომის დაწყების შემდეგ მათ შორის 20-30-დოლარიანი სხვაობა გაჩნდა, რაც სწორედ იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა Urals-ის შესყიდვაზე უარი თქვეს, ჩინეთმა და ინდოეთმა კი რუსეთს არა კონკურენტული, არამედ საკუთარი ფასი შესთავაზეს.

მოგეხსენებათ, რუსეთის ექსპორტის 46% და საბიუჯეტო შემოსავლები სწორედ ნავთობის რეალიზაციაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, მოსკოვი იძულებულია, რომ ნავთობი ფასდაკლებითაც გაყიდოს, მათ შორის, 40 დოლარადაც კი.

ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე Urals-ის ფასი 57 დოლარს შეადგენს, შედარებისთვის, ბარელი Brent-ის ფასი 83 დოლარის ფარგლებშია, WTI კი 79 დოლარად ივაჭრება.

ემბარგოსა და ლიმიტის დაწესებით მხოლოდ ორი რამ იცვლება: დასავლეთი სრულად ხდება დამოკიდებული OPEC-სა და ალტერნატიულ მიმწოდებლებზე; რუსეთი კი - აზიურ ბაზარზე.

რაც შეეხება თავად 60 დოლარს, რატომ გადაწყდა ლიმიტის სწორედ ამ ნიშნულზე განსაზღვრა? - ამ შეკითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია, ეს ნავთობის ბაზრის ბუნებრივი წონასწორობის წერტილია, ათწლიან ჭრილში ბარელი ნავთობის საშუალო ფასი სწორედ 60 დოლარია, დასავლელი კანონმდებლები კი ცდილობენ, რომ სანქციებით ენერგეტიკული ბაზარი წონასწორობის წერტილს დაუბრუნონ და კოვიდპანდემიისა თუ ომის ფაქტორები მაქსიმალურად გაანეიტრალონ.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასი მხოლოდ საწვავის ღირებულებას არ განსაზღვრავს, უდიდესი ეკონომიკური ეფექტიდან გამომდინარე, ნავთობი პირდაპირ გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზე. დასავლეთის მასშტაბით ინფლაციური მაჩვენებლების რეკორდული ზრდა კი უმეტესწილად სწორედ ენერგორესურსების გაძვირებითაა გამოწვეული, რასაც ზოგადი ინფლაციური მაჩვენებლის საბაზო CPI-სთან შედარებაც ცხადყოფს. საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების დასტაბილურება და ეტაპობრივი შემცირება ინფლაციური წნეხის შემცირებას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, G7-ისა და EU-ს მთავარი ამოცანა არა რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება, არამედ დასავლეთში ინფლაციის შემცირებაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Urals-ის საშუალო ფასი ბოლო ათწლეულში 60 დოლარი იყო, შესაბამისად, მისი ამ ნიშნულზე დაბრუნება რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრ შემცირებას და ეკონომიკის ჩამოშლას ვერანაირად ვერ გამოიწვევს.

5 დეკემბრის შემდეგ რუსეთი ახალ რეალობაში აღმოჩნდა, რომელშიც ნავთობის ფასს არა საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდება, არამედ ჩინეთისა და ინდოეთის კეთილგანწყობა განსაზღვრავს, აღნიშნული მოცემულობა კი იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ სი ძინპინმა და ნარენდრა მოდიმ ვლადიმირ პუტინს ნავთობის სანაცვლოდ არა 60, არამედ 40 დოლარიც კი შესთავაზონ, მოსკოვს კი უარის თქმის ფუფუნება არ და ვერ ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები