მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს გორის სასტუმროებში განთავსება და ვინ სტუმრობს ქალაქს მიმდინარე სეზონზე?

64ae4b7159dcf
ნინო ჩიბჩიური
16.07.23 20:20
4150
ბოლო წლებში გორში რამდენიმე ახალი სასტუმრო გაიხსნა. პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ თითქმის ყველა მათგანი მიმდინარე სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობს. მცირე ზომის სასტუმროებში ფასები 50-120 ლარამდე მერყეობს, სტუმრების მიმართვიანობა ძირითადად ევროპიდან და რუსეთიდან ფიქსირდება. ყველაზე მსხვილი და ძვირად ღირებული სასტუმრო კი Gori Inn-ია, სადაც ერთი ღამით დარჩენა საშუალოდ 300 ლარი ღირს. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი ერეკლე კოკაია bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, მათთან სტუმრები ძირითადად 1 ან 2 დღით ჩერდებიან.

„ჩვენი სასტუმროსთვის პირველი წელია და დატვირთვის მაღალი დონე გვაქვს. ფასები სეზონის მიხედვით რეგულირდება. ზაფხულში მაგალითად მომატებულია და ერთი ღამით დარჩენა 300-ლარი ღირს, თუმცა გვაქვს გარკვეული აქციებიც, მათ შორის ადგილობრივებისთვისაც. 50% მაინც საქართველოს მოქალაქეები გვსტუმრობენ. უცხოელებს რაც შეეხება მოდიან არაბებიც, გვსტუმრობენ ევროპის ქვეყნებიდანაც. მაინცდამაინც რუსეთის მოქალაქეების სიჭარბე არ შემჩნევა. ყველა მათგანი გამოირჩევა მოკლევადიანი ვიზიტებით, ძირითადად ოჯახებით რჩებიან“,- აღნიშნა BM.GE - სთან საუბრისას Gori Inn - ის წარმომადგენელმა ერეკლე კოკაიამ.

შედარებით ადრე გამოჩნდა ბაზარზე გორის ცენტრში მდებარე Georgia Gold. სასტუმროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია, თუმცა დღესდღეობით მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებენ.

"სტუმრების ვიზიტები განსაკუთრებით გაზაფხულიდან გაიზარდა. ტურისტულ კომპანიებსაც შემოჰყავთ დამსვენებლები, booking-თანაც ვთანამშრომლობთ. გვსტუმრობენ ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, რუსეთიდან და რჩებიან უფრო ხშირად 1 დღით. ფასები სეზონურად იცვლება, მაგალითად წლის დასაწყისში ნომრის ფასი სხვა იყო ახლა სხვაა. ამჟამად, 145 ლარი ღირს ერთი ღამით დარჩენა საუზმით. ეს ფასი სტანდარტულია ყველა სტუმრისთვის, ადგილობრივი იქნება თუ უცხოელი. პანდემიის დროს გვქონდა გარკვეული ჩავარდნა, რადგან ახალი გამოსულები ვიყავით ბაზარზე და გარკვეული სირთულეების გადალახვა მოგვიწია, მაგრამ მაინც ვმუშაობდით ყველა საჭირო რეკომენდაციის დაცვით. 19-ნომრიანია ჩვენი სასტუმრო და არის დღეები, როდესაც სრული დატვირთვით ვმუშაობთ",-ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი ნინი აბალაკი.

გასულ წელთან შედარებით სტუმრების სიმრავლე შეიმჩნევა გორის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარე Royal Hause-ში. 14 ნომრიან სასტუმროში პანდემიის შემდეგ ნომრის ფასები 70-120 ლარამდეა გაზრდილი.

"გასული წლის ზაფხულთან შედარებით უფრო გააქტიურებულია ჩვენთან სტუმრების მიღება. 2017 წლიდან ვმუშაობთ და ფასებიც პერიოდულად იცვლება. თუ მაგალითად სასტუმროს ნომერი 2 წლის წინ 50-60 ლარი ღირდა, ახლა ფასები 70-დან 120 ლარამდე მერყეობს. ძირითადად booking-იდან ხდება დაჯავშნა, თუმცა შიდა მივლინებითაც გვსტუმრობენ ადგილობრივები. შედარება რომ გავაკეთოთ თანაბარია უცხოელი და ქართველი სტუმრების რაოდენობა. უფრო მეტად ევროპის ქვეყნები ჭარბობენ, როგორებიცაა გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ. ჩვენთან უფრო მოკლევადიანი ვიზიტებით რჩებიან. რუსეთიდანაც გვყავს სტუმრები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბოლო წლებში მათი აქტიურობა გაიზარდა."-ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი ნანა ანიაშვილი.

რუსულენოვანი სტუმრების სიმრავლეზე საუბრობენ გორის შესასვლელში მდებარე 19 ნომრიან Lucky - ში, თუმცა სასტუმროს წარმომადგენლები ამ ფაქტს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირებენ და ამბობენ, რომ რუსი და უკრაინელი სტუმრების ვიზიტები მათთან, 5 წლიანი ოპერირების პერიოდში ხშირია.

ჩვენთან უფრო მეტად ადგილობრივები რჩებიან, თუმცა 5-წლიანი მუშაობის სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოელ სტუმრებს შორის რუსულენოვანი მოქალაქეები ჭარბობენ. მაგალითად, ამერიკიდან ნაკლებად გვსტუმრობენ, უფრო მეტად ევროპიდან მოდიან, ისიც 1 ან 2 დღით. მოთხოვნაც არ არის ხანგრძლივი დროით დარჩენის, რადგან გორის დათვალიერება 1 დღეშიცაა შესაძლებელი. გრძელვადიანი ჯავშანი გვაქვს ხოლმე მაშინ, როდესაც მაგალითად რეგიონში კომპანიას მუშები ჩამოჰყავს სამუშაოდ და რჩებიან პროექტის დასრულებამდე, ასევე მკურნალობის მიზნითაც მოდიან გორში და რჩებიან ჩვენთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში", - უთხრა BM.GE -ს სასტუმროს მენეჯერმა, ანა პაიჭაძემ.

მრავალსართულიანი შენობების გარდა სტუმრებს გორში დასარჩენად საოჯაო ტიპის სასტუმროებს და კოტეჯებსაც სთავაზობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ატენის ხეობა გამოირჩევა, სადაც ბოლო წლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს. სასტუმრო ბიზნესში ჩართვა ადგილობრივების ნაწილმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები