მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება პოლონეთთან ურთიერთობაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებით? - გვანცა გრიგალაშვილი

6423cb7a17149
ნანუკა ნარიმანიძე
29.03.23 10:22
1771
2022 წელს საქართველოსა და პოლონეთს შორის „პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტომ“ 13 კონტრაქტი გააფორმა, სწორედ ამიტომ, საქართველოში პოლონური ინვესტიციების რიცხვი 45%-ით გაიზარდა, ამ მაჩვენებლის გამო, ჩვენ გამორჩეული ოფისი ვიყავით“, - ამის შესახებ „პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა გვანცა გრიგალაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

ოფისის ხელმძღვანელმა პოლონეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას.

„პოლონეთსა და საქართველოს შორის ასეთი შეთანხმება 2006 წლიდან არსებობს, თუმცა ის ძალას დაკარგავს 2023 წლის 1-ელ აპრილს და ახალი შეთანხმება შევა ძალაში, ძირითადი ცვლილება დივიდენდის და პროცენტის განაკვეთს შეეხო, რომელიც აქამდე 10% იყო, ახალი გარიგებით კი მხოლოდ 5%-ია. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლას უწყებებს შორის, ახალი რეგულაციებით უწყებებს მოცემული ინფორმაციის გაცვლა სახელმწიფო დონეზე შეეძლებათ. აუცილებელია ეს მექანიზმი არსებობდეს ქვეყნებს შორის, რათა ბიზნესს მივაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია გარკვეულ მოვლენებზე.

ამ მიმართულებით ინფორმაციაზე წვდომა აუცილებლად ექნება ორივე ქვეყანას, აღსანიშნია ისიც, რომ პოლონეთში, აქამდე, განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი მუშაობდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც უწყება ორივე ქვეყანაში იბეგრებოდა, ახალი შეთანხმებით კი ეს დარეგულირდა და კომპანია მხოლოდ ერთ ქვეყანაში დაიბეგრება“ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით.

კერძოდ, უძრავი ქონების შესახებ მუხლს ქვეპუნქტი შეიცვალა და დაემატა კონკრეტული ჩანაწერი: შემოსავლები, რომლებიც მიიღება ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციებზე ან წილებზე საკუთრების ან კომპანიის სხვა კორპორაციული უფლებების, როგორიცაა უფლებები პარტნიორობაში ან კომპანიაში, გადაცემისშედეგად, შეიძლება დაიბეგროს მეორე მხარის სახელმწიფოში იმ შემთხვევაში, თუამ აქციებზე საკუთრების უფლებების ან წილების გასხვისებამდე 365 დღის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში მათი ღირებულების (აქტივების) 50% -ზე მეტის წარმომავლობა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მეორე მხარის სახელმწიფოში არსებული უძრავი ქონებას, რაც განსაზღვრულია ამავე შეთანხმების მე-6 მუხლით", - განმარტა გვანცა გრიგალაშვილმა.

ამასთან, ოფისის ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ბევრი პროექტი ჩატარდება.

„ახლა ვმუშაობთ სამშენებლო გამოფენის ორგანიზებაზე, რომელიც 28-30 აპრილს ჩატარდება, ამ პროექტზე პოლონელების დიდი დელეგაცია ჩამოდის, გვექნება დისკუსიური პანელები, თემატური კონფერენციები, შეხვედრები და ა.შ., პოლონეთი სამშენებლო სექტორში პროდუქტიულობის მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში ამ პროდუქტიულობის პოპულარიზაციას ვაპირებთ. პროექტზე ასევე იქნებიან პოტენციური პოლონელი ინვესტორები, რომლებსაც შევახვედრებთ პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს, რომლებთანაც შესაძლოა რაიმე სახის თანამშრომლობა დაიწყონ”, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, „პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტო“ წლის ბოლოს პროექტი „პოლონური დღეების“ ჩატარებას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვევა.

ცნობისთვის, “პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს“ თბილისის ოფისი 2018 წელს გაიხსნა და აქტიურად მუშაობა 2019 წელს დაიწყო, ოფისის მთავარი მიზანია საქართველოსა და პოლონეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გამყარება, ერთ-ერთი უმთავრესი როლია პოლონური ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა. აღსანიშნია ისიც, რომ გვანცა გრიგალაშვილს 2022 წლის 4 ნოემბერს პოლონეთის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების მედალი გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები