გარემოს საცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნუშის და კაკლის რეგლამენტი მოამზადა, რომელიც ჯერ ასოციაციებთან ერთად ბოლომდე დამუშავდება და ამის შემდეგ გადაეგზავნება მთავრობას დასამტკიცებლად, - ამის შესახებ
bm.ge-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განუცხადა.
ამის შემდეგ კი, მთავრობას რეგლამენტის დამტკიცება რამდენიმე თვეში მოუწევს. აღსანიშნია, რომ ახალი პროტოკოლით, კაკლისა და ნუშის შესახებ სხვადასხვა ნორმა განისაზღვრა, კერძოდ, როგორი უნდა იყოს პირველი ხარისხის ნუში, როგორი წონა უნდა ჰქონდეს, ცხიმიანობა და ა.შ.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ რეგლამენტის არარსებობის პირობებში, ევროპაში უკვე გასულ პროდუქციას მოუწევს შემოწმების გავლა და თუკი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, უკან დააბრუნებენ, შესაბამისად, გელა ხანიშვილის თქმით, საქართველოში ხარისხის სერტიფიკატის გაცემა მეწარმეებს ექსპორტს გაუმარტივებს.
“ამ დოკუმენტების მიღების საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაა, სადაც გაწერილია ყველა ის პროტოკოლი, რომელსაც ჩვენი პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს. საკმაოდ საინტერესო დოკუმენტებია მოსამზადებელი, რომლებითაც განსაზღვრულია როგორც ნუშის, ასევე კაკლის პარამეტრები, ტერმინოლოგიური დასახელება, თითოეული მინარევი და ა.შ. ეს დოკუმენტები შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და ჩვენი პროდუქციაც, ექსპორტზე გასვლამდე სწორედ ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. როდესაც აქ მივცემთ სერტიფიკატს პროდუქტს, რომ ის ნამდვილად შეესაბამება განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტს გააადვილებს”,-აცხადებს ხანიშვილი.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ პროტოკოლით განსაკუთრებული არაფერია მოთხოვნილი:
"ეს არის ამ პროდუქციის თანმდევი ტექნიკური მოთხოვნა. მაგალითად, როგორი უნდა იყოს ნუში ხარისხით: პირველი, ან უმაღლესი. რა ზომა უნდა ჰქონდეს, წონა/ცხიმიანობა და ა.შ. ეს არ არის რაიმე ისეთი მოთხოვნა, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ დამატებითი ბარიერი შეიძლება გახდეს ბიზნესისთვის. ტექნიკური აღწერილობაა", - ამბობს ხანიშვილი.
რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, ხარისხის სერტიფიკატს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.