მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის “უფასო დენს” მიიღებს აფხაზეთი საქართველოდან - ინტერვიუ ლევან მებონიასთან

61488a2767e7c
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.21 19:55
2925
ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგების პრობლემა უკვე 25 წელია პასუხგაუცემელია - საქართველოსა და რეგიონს შორის 1990-იან წლებში გაფორმებული პირობითი შეთანხმების მიხედვით, რეგიონი “ენგურჰესის” და “ვარდნილჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით უსასყიდლოდ მარაგდება.

თავდაპირველად, აფხაზეთი ამ სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს მოიხმარდა, შემდეგ 50%-ს, ხოლო უკანასკნელი წლების განმავლობაში მაინინგის ბუმის გამო, ამ მაჩვენებელმა 60% და 70%-საც მიაღწია, ზამთრის თვეებში კი “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 100%-ით აფხაზეთში მიდიოდა. მეტიც, აღნიშნული ელექტროენრგია რეგიონის ელექტრომომარაგებისთვის საკმარისი არ იყო, რის გამოც ტერიტორია დამატებით რუსეთიდანაც მარაგდებოდა.

2021 წლის გაზაფხულზე რეაბილიტირებული “ენგურჰესი” გაიხსნა, რის შედეგადაც სადგურის სიმძლავრე, დაახლოებით, 100 მეგავატით გაიზარდა. პარალელურად, აფხაზეთში წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელთან შედარებით დამატებით 26%-ით გაიზარდა და მან 2021 წლის 7 თვეში 1.95 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწია. შედარებისთვის ეს იმაზე მეტია, ვიდრე მთელი თბილისი მოიხმარს.

რამდენიმე თვის წინ ქართული მხარე საუბრობდა განსხვავებულ ვითარებაზე, რომ 2021 წლის ზამთარში აფხაზეთის ელექტრომომარაგება ახალი პრინციპების დაცვით მოხდებოდა.

საკითხის შესახებ BMG “ენგურჰესის” გენერალურ დირექტორს, ლევან მებონიას ესაუბრა. მისი განცხადებით, წელს აფხაზეთი აქტიურ გამრიცხველიანებას დაიწყებს, რამაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უნდა შეამციროს. ასევე გამკაცრებულია კონტროლი მაინინგის აპარატურაზე, თუმცა ამ მხრივ რეგიონში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება.

“რამდენადაც მე ვიცი და მქონდა მათთან შეხვედრა, თქვეს, რომ 4,000 ცალი მრიცხველი აქვთ შეკვეთილი და მალე მიიღებენ. ასევე აკეთებენ ორსაათიან მარაოსებურ შეზღუდვებს (გრაფიკებს). ასევე ძალიან ბევრი ბიტკოინის ფერმა დაშალეს, გააკეთეს სპეციალური შესანახი კონფისკებული მაინერების ბლოკების. მაინერების წილი რაც იყო შარშან, იმასთან შედარებით დაახლოებით განახევრებულია, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი რჩება.

15-20 ოქტომბრისთვის ნოემბრის და დეკემბრის მოხმარების პროგნოზი უკვე გვექნება. ასევე მრიცხველებთან დაკავშირებითაც როგორ აპირებენ პროცესს უკეთ გამოჩნდება ერთ თვეში.

წელს ჩვენ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს ავიღებთ, როდესაც დამთავრდება წყალი, დამთავრდება და მორჩა - არ იქნება არც მათთვის და არც ჩვენთვის.

თავადაც ხედავენ, რომ ძალიან დიდი დეფიციტი აქვთ და რუსეთიც მუდმივად არ მისცემს დენს. ყოველი წლის ბოლო და გაზაფხულის დასაწყისი აქვთ შუქის ჩაქრობები და ხედავენ, რომ ამგვარად დიდხანს ვერ გაგრძელდება. ცდილობენ მოაწესრიგონ და მოიყვანონ აღრიცხვა წესრიგში", - აცხადებს ლევან მებონია.

“ენგურჰესის” გენერალური დირექტორის განცხადებით, აფხაზეთი რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურს ისევე რუსეთიდან მისაღები საბიუჯეტო სახსრების ფულადი ტრანსფერების გაქვითვით იხდის. 2021 წლის განმავლობაში რეგიონმა რუსეთიდან 923 მილიონი კილოვატი მიიღო, რაც ადგილობრივი მოხმარების 47% იყო. 

ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას ოკუპირებულ აფხაზეთში მაინინგის ბუმის გარდა ხელოვნურად დაბალი დენის ტარიფი და თითქმის არარსებული გამრიცხველიანება განაპირობებს. რეგიონში მცხოვრები პირებისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოსთან შედარებით 10-12-ჯერ დაბალია. კერძოდ, ერთი კილოვატსაათის ოფიციალური საფასური მოსახლეობისთვის 45 რუსული კაპიკი ანუ 1.78 თეთრია, იურიდიული პირების ტარიფი კი 85 კაპიკი, ანუ 3.4 თეთრია. მოსახლეობა და ბიზნესები ხშირად არც მას იხდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები