მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობით შემოვა მედიკამენტები თურქეთიდან? - თანამშრომლობის სავარაუდო სცენარი

5fe35a324f31c
ელენე გოგბერაშვილი
24.12.20 10:15
1518
22 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან მოქალაქეებს აცნობა, რომ „პრინციპული რეფორმის“ განხორციელებას გეგმავს, რაც მედიკამენტების ფასების რეგულირებასაც გულისხმობს. ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მხარესთან  მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

"ეს სახელმწიფოს და კერძო სექტორს გაუჩენს ბერკეტს, რომლის თანახმად, გვეცოდინება რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე. ის განცდა, რომელიც საქართველოში მედიკამენტები 300 და 400%-იანი მოგებით იყიდება, სახელმწიფოს მხრიდან იქნება გადაზღვეული იმ გამჭვირვალობით, რომელსაც თურქეთის სამინისტრო გვთავაზობს“, - განმარტა ტიკარაძემ.

ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ მეტი ჯანდაცვის მომავალ მინისტრს არაფერი უთქვამს.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოსახლეობას ეკატერინე ტიკარაძე წელიწადნახევრის წინაც დაჰპირდა, როდესაც მან მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო შეცვალა. მას შემდეგ ფასების რეგულირების და სფეროს რეფორმირებაზე პარალამენტის ჯანდაცვის კომიტეტში თემატურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა და რეკომენდაციებიც მოამზადა. აკაკი ზოიძე მაშინ კომიტეტის ხელმძღვანელი იყო.

ზოიძე BM.GE-ისთან განმარტავს, რომ სწორედ ამ თემატური სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლდათ განხილულიყო თურქეთიდან ე.წ აღიარებითი რეჟიმით წამლების შემოტანის საკითხი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქვეყანაში შემოვიდოდა მკაცრი ხარისხობრივი სტანდარტის დაცვით რეგისტრირებული მედიკამენტები. ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეკატერინე ტიკარაძე სწორედ ამ მექანიზმზე საუბრობს, რომ ქვეყანაში შემოვა წამლები იმ ფასად, როგორადაც ეს თურქეთის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.

„თუ საუბარია თურქეთზე, წამლის ის პარტიები, რაც თურქეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი ან იწარმოება თურქეთშივე დიდი კომპანიების მიერ, რეალურად შესაძლებელი ხდება, რომ ასეთი მექანიზმით მივიღოთ ჩვენც მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება იყოს იგივე ფასის, რა ფასადაც იღებენ თურქეთის მოქალაქეები. ეს მედიკამენტები კერძო სექტორმა უნდა შემოიტანოს, თუმცა სახელმწიფოს როლი იქნება შეთანხმება თურქეთთან. კონკრეტულ პარტიაზე უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია მიღებული, რადგან თურქეთში უხარისხო მედიკამენტების დარეგისტრირების შანსი მაღალია. ეს მექანიზმი იყო სწორედ თემატური ჯგუფის მხრიდან შეთავაზებული, რომ სახელმწიფომ კონკრეტული მედიკამენტების პარტიაზე მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ის არის ლეგიტიმური პარტია. ჩათვალეთ, რომ როგორც თურქეთის ბაზარზე, ისეთივე რეჟიმით გაიყიდება ჩვენთან მედიკამენტები. ხომ გსმენიათ, აჭარიდან გადავედი და 1/3 ფასში ვიყიდე თურქეთში მედიკამენტებიო რომ ამბობენ, აი, ის 1/3 ფასად შემოვა ჩვენთან“, - განმარტავს ზოიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღიარებითი რეჟიმით დღეს თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტები არ შემოდის, რადგან ევროპის წამლის სააგენტოებისგან განსხვავებით, თურქეთში დიდი რისკია უხარისხო, ფალსიფიცირებული მედიკამენტების რეგისტრაციის. სწორედ ამ რისკებზე საუბრობს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

გიორგი მარგველაშვილისთვის უცნობია, რა მექანიზმით აპირებს საქართველოს მთავრობა თურქეთიდან ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანას, თუმცა არასამართლიანად მიაჩნია, რომ საქართველომ მსგავსი ნაბიჯი მხოლოდ თურქეთთან მიმართებაში გადადგას.

"თურქეთი 2009 წელს ვერ შევიდა საიმედო ქვეყნების სიაში უბრალოდ იმიტომ, რომ სტატისტიკურად თურქეთში უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საშიში, გაყალბებული მედიკამენტების მიმოქცევა არის ძალიან მაღალი თუ შევადარებთ ევროპულ ქვეყნებს. მას შემდეგ გადაიხედა ეს სია და თურქეთი იქ მაინც ვერ მოხვდა. რისკი ის არის, რომ თუ ასეთი მედიკამენტი შემოვა, ეს რისკი იქნება საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობისთვის. რა მექანიზმით შეიძლება ამის შეზღუდვა, არ ვიცით, ველოდებით შემდგომ ინფორმაციას სამინისტროსგან. ცალკე მექანიზმი თურქეთიდან შემოტანილ წამალზე ვერ შეიქმნება. თურქეთიდან შემოტანილს სხვანაირად შევამოწმებთ?

მე მგონია უფრო, რომ გადაზღვევაში იგულისხმებოდა გარკვეული შედარებითი კომპონენტი ფასების და ა.შ თუ ვსაუბრობთ, რომ გარკვეული მომწოდებლებისგან იქნება უფრო სანდო მოწოდება, აქაც ბევრი კითხვის ნიშანი იქნება, რადგან მომწოდებელი, რომელიც დაკავშირებულია მწარმოებელთან, მას არ აქვს უფლება, მესამე ქვეყანაში გააგზავნოს მედიკამენტი. პირველი რიგის დისტრიბუტორები ვერ განახორციელებენ ამას, თუ არ იქნება შესაბამისი ხელშეკრულება მწარმოებლისგან. რთული მექანიზმია და ცალკე აღებული ერთი ქვეყნიდან შემოტანას სხვა ხარისხის კონტროლი დავუწესოთ არც სწორი არის და მეორეც, ეს ტექნიკურად ძნელი იქნება, ამის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ ახსენა ასევე მედიკამენტებზე 300-400%-იანი ფასნამატი. უცხოური ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, რომ ლოგიკური იქნება ამ საკითხზე მოკვლევა თავად სახელმწიფომ ჩაატაროს, რადგან მათ წევრ კომპანიებს მხოლოდ 5-6%-იანი ფასნამატი აქვთ, ამიტომ მათაც აინტერესებთ, ასე ვინ, რა ტიპის მედიკამენტებს ყიდის.

გასულ წელს მედიკამენტებზე მაღალ ფასნამატზე იყო, ასევე, საუბარი ჯანდაცვის კომიტეტშიც. თემატური ჯგუფისთვის გაგზავნილ წერილობით განმარტებაში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აღნიშნავდა, რომ ერთი და იგივე პროდუქტის ფასი ბრენდული დასახელების მიხედვით განსხვავებულია და ამის მიხედვით ფასის დიაპაზონი 1000%-იც შეიძლება იყოს.

დღეს მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაზე პარლამენტში კითხვა პრემიერ მინისტრობის კანდიდატსაც დაუსვეს. რა ინსტრუმენტს გამოიყენებს მთავრობა გიორგი გახარიას არ დაუკონკრეტებია, თუმცა გადაჭრით აღნიშნა, რომ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი და მოსახლოების ჯიბიდან დანახარჯები მედიკამენტებზე უნდა შემცირდეს.

"მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე; უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული", - თქვა მომავალმა პრემიერმა.

ის, რომ მედიკამენტებზე მოსახლეობის დანახარჯები მაღალია, ამას საერთაშორისო ფონდ კურაციოს კვლევაც მოწმობს. 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69% სწორედ მედიკამენტებზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები