მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის წიგნი იბეჭდება საქართველოში?

620aa52aeedf5
თამთა ჯიჯავაძე
14.02.22 23:30
943
საქართველოში 2016 - 2020 წლების განმავლობაში 32 გამომცემლობის მიერ ჯამში დაახლოებით 5000-მდე ახალი (პირველადი) წიგნია გამოცემული, რომელიც აერთიანებს ნებისმიერი ჟანრისა და კატეგორიის ლიტერატურას. ამის შესახებ საუბარია „ეისითის" მიერ „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა“ და „მწერალთა სახლისთვის“ მომზადებულ ქართული წიგნის ბაზრის 2016-2020 წლების კვლევაში.

მიმოხილვის მიხედვით, გამოცემული წიგნების რაოდენობის ყოველწლიური ზრდის ტენდენცია 2019 წლიდან ირღვევა, რაც პანდემიას უნდა მიეწერებოდეს. კერძოდ, ამ დროს გამოცემული წიგნების ჯამური რაოდენობა 13%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს, რაც მეტწილად, პირველადი გამოცემების შემცირებითაა გამოწვეული.

„რესპონდენტთა მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ნებისმიერი ჟანრის და კატეგორიის პირველადი და განმეორებითი წიგნების ჯამური რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდა ლიდერთა ათეული, რომელთა შორის ორ კომპანიაზე („პალიტრა L“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“) მოდის გამოცემული წიგნების ნახევარზე მეტი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული კომპანიები ლიდერობენ როგორც გამოცემული დასახელებების რაოდენობით, ასევე მათი ჯამური ტირაჟითაც“, - წერია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კვლევაში მონაწილე კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 2-3 მლნ ეგზემპლარი იყიდება, მიღებული შემოსავალი კი 17-20 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს.

„წიგნების რეალიზაცია 2019 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს გაყიდვის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა (თითქმის 1 მლნ-ით), შემოსავალმა მხოლოდ 5%-ით დაიკლო, რაც წინა წლებთან შედარებით, წიგნების გაზრდილი ფასით უნდა აიხსნას. ბოლო 5 წელში საქართველოში გამოცემულ წიგნებს შორის ყველაზე ხშირად უცხოურიდან ქართულად თარგმნილ ლიტერატურას შეხვდებით, რომელსაც მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება ქართულენოვანი ნაწარმოებები. აღნიშნულს განაპირობებს, ერთი მხრივ, შედარებით მეტი წიგნის თარგმნა გამოსაცემად, მეორე მხრივ კი, მცირედით მაღალი ტირაჟი. საგულისხმოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულად თარგმნილი წიგნების გამოცემის ტენდენცია კლებადია (56%-დან 46%-მდე), უცხოენოვანი წიგნების შემთხვევაში კი მცირედი მატება აღინიშნება (3%-დან 7%-მდე)“, - წერია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები