მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს WB ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში?

635a3338c6d1a
თამთა ჯიჯავაძე
30.10.22 21:32
595
ჩვენი რეკომენდაცია იმ ქვეყნების მიმართ, ვისთანაც ვმუშაობთ, მათ შორის, საქართველოს მიმართ არის შემდეგი – ააშენეთ ეფექტიანი სისტემები და ააწყვეთ ეფექტური კოორდინაცია, - ამის შესახებ BMG-ისთან ინტერვიუში მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, აჰმედ ლევენტ იენერმა განაცხადა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.

თუმცა, როგორც აჰმედ ლევენტ იენერი აცხადებს, ქვეყნის განვითარება მხოლოდ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, დასაქმების სფეროების განვითარებაზე არაა დამოკიდებული, სხვა ყველა სექტორებიც მნიშვნელოვანია. კერძოდ, მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ კოორდინაცია სახელმწიფო სააგენტოებს შორის და ასევე ყველა მნიშვნელოვან მოთამაშეს შორის, რომლებიც სერვისებს აწვდიან მოქალაქეებს, აუცილებელია. იენერის თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება ციფრული ეკონომიკის პრინციპების გამოყენება.

„პირველი – საქართველომ უნდა დახარჯოს მეტი ადამიანური განვითარების სექტორებში. მეორე – საქართველომ უნდა დახარჯოს უფრო ეფექტიანად, უფრო ჭკვიანურად. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად – ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები: პირველი – ზოგადი განათლების დაფინანსების ფორმულა, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს დემოგრაფიული ცვლილებები; მეორე – ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ფოკუსირებულია ჰოსპიტალურ სერვისებზე და ერთიან ფასებზე, თავისი დამხმარე ზომებით – მაგალითად, ადამიანებს შედარებით იაფ მედიკამენტებზე გაუჩნდეთ ხელმისაწვდომობა; და მესამე – სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც ბენეფიციარს მისცემს შესაძლებლობას, უფრო ეფექტიანად მიიღოს ეს მხარდაჭერა“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსი 0.57–ია, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს დაბადებული ბავშვი ზრდასრულობის ასაკში თავისი პროდუქტიულობის მხოლოდ 57%–ის მიღწევას შეძლებს. მსოფლიო ბანკის გათვლებით, თუ საქართველო შეძლებს, აითვისოს ჯანდაცვის და განათლების სფეროში თავისი პოტენციალის მაქსიმუმი, ერთ სულზე მშპ 1.64–ჯერ გაიზრდება.

რაც შეეხება თავად ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოში დაიწყო, ჯამური დაფინანსება დაახლოებით 500 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 400 მლნ დოლარი მსოფლიო ბანკმა, 100 მლნ ევრო კი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) გამოყო. აღნიშნული კრედიტი იქნება გამორჩეულია იმით, რომ ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები გააგრძელებენ მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად და შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოხდება ამ თანხის ანაზღაურება ქვეყნისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები