მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საკითხებს განიხილავს ბიზნესი პრემიერთან შეხვედრაზე? – "დღევანდელი შეხვედრა ერთ ენაზე საუბარი იქნება"

5dad568a7b1b2
ლიკა გურაბანიძე
21.10.19 10:54
1042
"გიორგი გახარიას ბიზნესი ძალიან კარგად ესმის და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა ერთ ენაზე საუბარი იქნება", - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ პრემიერთან შეხვედრამდე განაცხადა.

პერტაია განმარტავს, რომ დღეს ბიზნესში პრობლემები არსებობს, რისი განხილვაც დღეს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მოხდება.

"მაგალითად, ახალ კანონპროექტებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ჩემი აზრით, დღეს ამ საკითხებზე იქნება საუბარი და კარგი არის ის, რომ გიორგი გახარიას ბიზნესი ძალიან კარგად ესმის და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა ერთ ენაზე საუბარი იქნება. მან იცის, რა პრობლემებია იგივე შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამიტომ, დღეს ბიზნესმენები და ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარეები ძალიან შედეგიან შეხვედრას ელოდებიან", - განაცხადა პერტაიამ.

მისივე თქმით, ბიზნესისთვის დღეს აქტუალური საკითხი შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებია.

"შრომის კოდექსი აბსოლუტურად ყველას ეხება, არ არის ბიზნესი, რომელსაც ეს არ შეეხება. ჩემს გარშემო შრომის კოდექსი არავის მოსწონს, აქ საუბარი არ არის, რომ ზოგადად არ მოსწონთ, არის ბევრი საკითხი, რომელიც მოსწონთ, მაგრამ არის საკითხები, რომელიც შესაძლებელია, დღეს არ გაკეთდეს და სამომავლოდ იყოს გათვალისწინებული. მაგალითად მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაიზრდება", - აღნიშნა საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ბიზნესასოციაციებს შეხვდება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

შედეგად, გიორგი გახარია ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს განაგრძობს - პრემიერი გასულ კვირებში უკვე შეხვდა: ტურიზმის, ღვინისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები