მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სამუშაოები ჩატარდა ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად?

63724a20740e0
ვიქტორია მღებრიშვილი
14.11.22 18:25
1046
საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უნდა შეაფასოს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს კურორტი ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა აშენდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას მოემსახურება, რაც საერთაშორისო მასშტაბით კურორტის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

უწყების ცნობით, საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფის ხელმძღვანელი მიშელ ვიონი დღეს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა, რა დროსაც შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხსა და კურორტ ბაკურიანის, როგორც ევროპული რანგის სამთო - სათხილამურო კურორტის მომავალზე ისაუბრეს.

„საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინსპექტირება წარმატებით დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების აბსოლუტურად ახალი სისტემები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ახალი საბაგირო გზებისა და ახალი ტრასების სახით, აგრეთვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხელოვნური რეზერვუარები - ეს სამუშაოები, ფაქტობრივად დასრულებულია და ამჟამად რეზერვუარების წყლით ავსების პროცესი მიდის. საბოლოოდ, ბაკურიანი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები