C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 2021 წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის განმეორებითმა კვლევამ დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი, 67%-იანი შემცირება აჩვენა.
თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ საქართველოს საბოლოოდ C ჰეპატიტისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი ექნება.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. 2021 წელს განმეორებითმა კვლევამ კი C ჰეპატიტის გავრცელების 67%-იანი შემცირება აჩვენა. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ამოცანები ეფექტიანი იყო.
ამ ეტაპისთვის, პროგრამაში 77 000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს. განკურნების მაჩვენებელი 58%-ს აღწევს. პროგრამამ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანისთვის გადარჩენის შესაძლებლობა და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო მაგალითი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში შექმნა. დღევანდელი შეხვედრა, დარჩენილ გამოწვევებზე მსჯელობას ემსახურება, რათა საბოლოოდ მივუახლოვდეთ სამომავლო ელიმინაციის მიზანს - როგორ გამოცხადდეს საქართველო C ჰეპატიტისგან თავისუფალ ქვეყნად“, - აცხადებს თამარ გაბუნია.