"თბილისი მოლს" კომპანია “რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი” ფლობს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიტორულ ანგარიშგებაში 2018 წლის განმავლობაში "თბილისი მოლის" საქმიანობის შედეგები არის ასახული.
აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში "თბილისი მოლის" შემოსავალმა კომერციული ფართის იჯარიდან 24,637,000 ლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 77,000 ლარით მეტია. მთლიანობაში "თბილისი მოლის" სრული შემოსავალი 2018 წელს 35.1 მილიონი ლარი იყო.
წლიური ანგარიშის მიხედვით, "თბილისი მოლმა" 2018 წელი 136,000 ლარის ზარალით დაასრულა.
“თბილისი მოლის” საერთო ფართობი 206,783 კვადრატულ მეტრია, საიდანაც კომერციული - ფართი 73,027 მ2-ს შეადგენს. აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, დეკემბრის მდგომარეობით იჯარით გაცემული ფართის მოცულობა 51,555 მ2-ია. მთლიანობაში “რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტის" აქტივების ღირებულება 142,333,000 ლარს შეადგენს.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სავაჭრო კომპლექსი 126 მაღაზიას, 108 ჯიხურს და 29 საწყობს მოიცავდა.
"თბილისი მოლის" ყველაზე დიდი მეიჯარე ჰიპერმარკეტი “კარფურია”, რომელსაც სავაჭრო ცენტრში 14,296 კვადრატული მეტრის ფართი უჭირავს.
“მიღწევები 2018 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა "თბილისი მოლის" ეფექტური ფუნქციონირების ხელშემწყობი პარამეტრები, რაც მოიცავს სტუმრების რაოდენობას და დაკავებულ მთლიან სივრცეს. სწორად დაგეგმილმა მარკეტინგულმა საქმიანობებმა გამოიწვია მომხმარებლების მზარდი ინტერესი. 2018 წლის განმავლობაში მოიჯარეების მიერ დაკავებული მთლიანი სივრცე 6%-ით გაიზარდა, 48.7 ათასიდან 51.6 ათას კვადრატულ მეტრამდე, 2017 წელთან შედარებით. 2018 წლის განმავლობაში "თბილისი მოლის" სტუმართა რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, 8.0-დან 8.6 მილიონ ადამიანამდე. იგივე პერიოდის მაღაზიების გაყიდვები იყო სტაბილური. "თბილისი მოლის" სტუმართა ნაკადის სტაბილური ზრდის განაკვეთი არის სხვადასხვა მარკეტინგული საქმიანობების შედეგი, მაგალითად, ღონისძიებები, რეკლამა, კომუნიკაციები, პროექტები და ა.შ. 2016-2018 წლების განმავლობაში სტუმართა ნაკადის საშუალო ზრდის განაკვეთი წლიდან წლამდე შეადგენდა 7%-ს,”- ნათქვამია "თბილისი მოლის" მმართველობით ანგარიშგებაში.