მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეეძლება საპენსიო სააგენტოს ანაკლიის ან ხუდონჰესის მსგავსი პროექტის დაფინანსება - კანონპროექტი

64931339a4dfa
შოთა ტყეშელაშვილი
21.06.23 19:54
1301
საქართველოს საპენსიო სააგენტო შესაძლოა ნაწილობრივ საკრედიტო ინსტიტუტად გარდაიქმნას - ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა დანაზოგების მსხვილ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობას განსაზღვრავს.

დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუკი კონკრეტულ მსხვილ საინვესტიციო პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ახორციელებენ დაფინანსებას, საპენსიო სააგენტოსაც შეეძლება მასში ინვესტიციის განხორციელება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა საპენსიო სააგენტოს მსგავს საქმიანობას უკრძალავს. ფონდს ამჟამად მხოლოდ ფინანსურ აქტივებში შეუძლია ინვესტიციების განხორციელება, ესენია აქციები, ობლიგაციები თუ სხვა ფასიანი ქაღალდები. თუმცა მას არ შეუძლია კონკრეტული კომპანიის ან პროექტის მეწილე იყოს. ახალი კანონპროექტით ეს შეზღუდვა იხსნება და თუკი კონკრეტულ პროექტში, მაგალითად ანაკლიის პორტში ინვესტიციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (IFI-ები) განახორციელებენ, საპენსიო ფონდსაც შეეძლება პროექტში თანხა დააბანდოს. ეს შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც პროექტის წილის შეძენით (მაქსიმუმ 33%-ის ოდენობით) ან კაპიტალის მოზიდვაში თანადაფინანსებით (მაქსიმუმ 33%-ის ოდენობით). კანონში ამ ცვლილების შეტანა მთავრობას მსხვილი პროექტების დაფინანსებისთვის აქვს გადაწყვეტილი. საუბარია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი თუ სხვა ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტები.

“კანონპროექტი, პოტენციურად ბაზარზე ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების გაჩენის გათვალისწინებით, ითვალისწინებს საინვესტიციო შესაძლებლობას ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ იპოთეკით დაცულ ობლიგაციებში. ამას გარდა, კანონპროექტი განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობას წილობრივ, სავალო ან სასესხო შეთავაზებაში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად 33 პროცენტამდე თანამონაწილეობით,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის ამ სახით გაფართოებას არ ეთანხმება სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დამოუკიდებელი დეპუტატი რომან გოცირიძე. მისი განმარტებით, მსგავს პროექტები დაბალ საინვესტიციო ამონაგებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, მათში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ამ თანხების მოცდენას და მათზე უკეთესი სარგებლის მიღების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას წარმოადგენს.

“მთავრობის განცხადება, რომ ანაკლიის ასაშენებლად გამოიყენებენ საპენსიო ფონდის ფულს, არის მავნებლობა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები რა მდგომარეობაშია, ყველას კარგად მოეხსენება. სულაც იდეალურადაც რომ წარიმართოს ანაკლიის ბიზნესი (რაც სახელმწიფოს ხელში საეჭვოა), მსგავსი პროექტები, ისევე როგორც მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, ირიენტირებული არიან დანახარჯების ხანგრძლივ პერიოდში ამოღებაზე. დივიდენდის განაწილება ანუ საპენსიო ფონდის ფულზე პროცენტების დარიცხვა შეიძლება ორი ათეული წლის შემდეგ მოხდეს ან სულაც არ მოხდეს. ამ ხნის განმავლობაში ფონდი და შესაბამისად პენსიონერები კარგავენ კოლოსალურ შემოსავალს. ესაა როგორც რისკები, ასევე ფულის მოცდენა,”- აცხადებს რომან გოცირიძე.

საპენსიო სააგენტოში 1.3 მილიონი მოქალაქის 3.6-მილიარდი ლარის დანაზოგები არის განთავსებული. ამ თანხების 48% ქართულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში; 18% საერთაშორისო აქციებში; 17% ლარის სარგებლიან ანგარიშებში; 14% სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებში; 1.2% კი უცხოურ სახელმწიფო ობლიგაცეიბში არის დაცული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები