მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიხშირით შესრულდება მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ფრენები 10 ნოემბრიდან?

61829263eeb9d
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.21 17:45
1833
10 ნოემბრიდან მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განახლდება - ინფორმაცია BM.GE-ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მიაწოდა.

მათივე ცნობით, რეგულარული რეისები ყოველ ოთხშაბათს, კვირაში ერთი სიხშირით განახლდება. კომპანია „ვანილა სქაი“ რეისებს მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდით L 410-ით შეასრულებს. მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოთხშაბათობით მოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება, ხოლო დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უკან გაფრენა მესტიის მიმართულებით 13:30 საათზე შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ თამარ არჩუაძის განცხადებით, შესაძლოა, მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდოს. 

„მოგეხსენებათ, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი თანდათან იტვირთება. უკვე გვაქვს 23 ევროპული და აზიური მიმართულება. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქუთაისი-მესტიის მიმართულებით აღდგეს. ეს იყო, როგორც ადგილობრივი ტურისტული სექტორის მოთხოვნა, ისე სურვილი ჩვენი მგზავრების მხრიდან. ეს მიმართულება განსაკუთრებით კარგად იტვირთებოდა პოლონელი მოგზაურებით. მოგეხსენებათ, ქუთაისის აეროპორტში პოლონეთის 5 მიმართულებით ხორციელდება ამჟამად პირდაპირი ფრენები. იმედი გვაქვს, რომ ამ რეისის დატვირთულობა მაღალი იქნება. ბილეთის ღირებულება კვლავ უცვლელი, 50 ლარი რჩება“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

მესტია-ქუთაისის მიმართულებით ფრენების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროც ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულოა ადგილობრივი კერძო სექტორისთვის.

„პირდაპირი რეისების არსებობა ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და გაახანგრძლივებს საშუალო ღამისთევების რაოდენობას. ამასთან, სასიხარულოა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა კერძო სექტორის მოსაზრებას, რადგან ჩვენ არაერთხელ გვქონდა მათგანაც უკუკავშირი რეისების დანიშვნის მნიშვნელობაზე. მიგვაჩნია, რომ რეგულარული ფრენების განახლება ქუთაისსა და მესტიას შორის ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას და ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის: შიდა ფრენების მიმართულებით პირდაპირი რეისები პანდემიის დაწყების დროს გაუქმდა და ეტაპობრივად განახლდა. ტრადიციულად მესტია-ქუთაისის მიმართულებით, როგორც ადგილობრივები, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები სარგებლობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები