მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტენდენციებს უნდა ველოდოთ 2021-ში ტექნოლოგიების მიმართულებით?

5fe3806951d79
თათია კაკიაშვილი
23.12.20 23:50
753
ბევრი იმედგაცრუება, წარუმატებელი პროექტი და ფინანსური ზარალი - ასე სრულდება ბიზნეს ოპერატორებისთვის 2020 წელი. პანდემიით მიყენებული ზარალის შედეგად, შესაძლოა, მსოფლიო რუკაზე მომავალ წელს ბიზნეს ოპერატორების ნაწილი საერთოდ აღარც გამოჩნდეს. თუმცა, მომავალს ბევრი კომპანია ოპტიმისტურად უყურებს და საზოგადოებას არაერთ გასაოცარ ტექ-სიახლეს სთავაზობს.

BBC-ის ინფორმაციით, უკვე არსებობს გამოკვეთილი მიმართულებები, რაც შეიძლება თამამად შეფასდეს, როგორც 2021 წლისთვის მოსალოდნელი ტექნოლოგიური ტენდენციები.

ავიასექტორი

პანდემიური 2020 რთული წელი იყო ავიაინდუსტრიისთვის. თითქმის ყველა ავიაკომპანიამ არაერთხელ გააუქმა ფრენები. თუმცა, მიუხედავად ასეთი დრამატული სურათისა, საავიაციო სექტორი მზად არის კვლევებისა და განვითარებისათვის, განსაკუთრებით კი ისეთი თვითმფრინავების შემუშავებისთვის, რომლებსაც გარემოზე გაცილებით მცირე უარყოფითი გავლენა ექნება. ერთ-ერთი მაგალითია Airbus–ი, რომელმაც ჯერ კიდევ სექტემბრეში გამოაქვეყნა თვითმფრინავის სამი კონცეფცია, რომელსაც წყალბადის ენერგიაზე მომუშავე დიზაინი ექნება.

მომავალ წელს Airbus-ი გეგმავს, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გააფორმოს გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან და იტალიასთან უპილოტო საჰაერო სისტემის შესაქმნელად. ე.წ. “ევროდრონის” საფრენი ტესტირება 2025 წლიდან დაიწყება. ასევე მომავალ წელს კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტს უნდა ველოდოთ - ეს Rolls-Royce-ის მიერ წარმოებული ელექტრო თვითმფრინავია. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი მოწყობილობა ფრენის სიჩქარის მსოფლიო რეკორდს გააუმჯობესებს.

საცალო ვაჭრობის სექტორი

2020 სავალალო წელი აღმოჩნდა საცალო ვაჭრობის სექტორისთვისაც. ლოქდაუნების დროს გამოკეტილი ხალხისთვის ონლაინ ვაჭრობის შეთავაზებამაც ნაკლებად გაამართლა. თუმცა, BBC-ის ცნობით, საცალო ვაჭრობის სექტორის გადარჩენილ ნაწილს 2021-ში სიახლე ნამდვილად ელით - ეს ახალი ტექნოლოგიაა: გავრცელდა ინფორმაცია, რომ Amazon გააფართოვებს Go მაღაზიათა ქსელს და მისი კონცეფცია ისაა, რომ მომხმარებლებისთვის შოპინგის პროცესი დაჩქარდეს, რადგან შესაძლებელი გახდება, სასურველი პროდუქტი ავიღოთ და უბრალოდ დავტოვოთ მაღაზია - სალაროსთან რიგებში დგომის გარეშე. ხოლო ვიდეოკამერების და ხელოვნური ინტელექტის ჭკვიანი კომბინაცია აღრიცხავს შეძენილ პროდუქტს და მისი საფასურის გადახდა უფრო მარტივად, დისტანციურად იქნება შესაძლებელი მაღაზიიდან გასვლისას.

ე.წ. GO მაღაზიების პრინციპს აშშ-ში 20-ზე მეტი მაღაზია ნერგავს, მალე ასეთი მაღაზიები გაიხსნება დიდ ბრიტანეთშიც. საუბარია იმაზეც, რომ სიახლის ჩაშვებიდან მალე სასურსათო ქსელიც დააკვირდება, როგორ რეაგირებენ მომხმარებლები ტექნოლოგიაზე და მხოლოდ შემდეგ განიხილავენ, გამოიყენონ თუ არა თავადაც მსგავსი მოწყობილობა.

თვითმართვადი ავტომობილები

და კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია - რამდენიმე თვეა, არიზონაში 300-ზე მეტი მანქანა დამოუკიდებლად დადის, ისვამს მგზავრებს და მიჰყავს დანიშნულების ადგილას, რაც მთავარია, თვითმართვადი მანქანა ამ ყველაფერს მძღოლის გარეშე ახერხებს. ეს კომპანია Waymo One-ის მომსახურების მხოლოდ ნაწილია, რომელმაც საზოგადოებას თვითმართვადი ავტომობილები ოქტომბერში წარუდგინა. Google–ის მშობელი კომპანიის Alphabet–ის მხარდაჭერით, Waymo 2021 წელს გეგმავს მომსახურების გაფართოებას ფენიქსში და მის ფარგლებს გარეთ. თუმცა მას კონკურენტები ფეხდაფეხ მოჰყვებიან. კრუიზი, რომელსაც General Motors-ი ფლობს, თავის სერვისს სან-ფრანცისკოში ტესტავს. ოქტომბერში კრუიზმა მიიღო ნებართვა, თვითმართადი მანქანებით ადამიანების ტრანსპორტირების შესახებ.

ამ მხრივ, მესამე ადგილს იკავებს Lyft-ი, რომელიც კონკურენტებთან, Waymo-სა და Cruise-თან შედარებით ოდნავ ჩამორჩენილია. ასე რომ, 2021 წელს თუ ჰაერში მფრინავ ტაქსებს არა, მინიმუმ თვითმართვად მანქანებს უნდა ველოდოთ, რომელიც ნელნელა მთელ მსოფლიოში მოიკიდებს ფეხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები