მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა ეწეროს FDI-ის სტრატეგიაში?

„საქართველოს გასულ წელს ჰქონდა რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც 2 მლრდ დოლარზე მეტი იყო - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბიდან და მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ვიცე-პრემიერის თქმით, 2022 წელს და ასევე მიმდინარე წელს დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება აუცილებელია იმისთვის, რომ ამბიციური გეგმა შესრულდეს, რაც 2030 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებობს. 

მინისტრის თქმით, წლის ბოლოსთვის მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარს მიაღწევს, რითაც საქართველო დაუახლოვდება ერთ სულზე 10 ათასიან ზღვარს, რაც ქვეყანას უკვე მაღალშემოსავლიანად აქცევს. ამასთან, მინისტრის მოლოდინით, FDI-ის ზრდა წლის მეორე ნახევარშიც უნდა გაგრძელდეს. 

აპრილ-ივნისში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ დოლარი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, FDI-ს უდიდესი წილი - 83.5% ამ პერიოდისთვის რეინვესტიციაზე მოდის, რომლის მოცულობა 422.5 მლნ დოლარია. სექტორების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა, მეორე ადგილი ენერგეტიკის, მესამე კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებმა დაიკავეს. 

2023 წლის მეორე კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და ნიდერლანდები იყვნენ. ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 78%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 1 მილიარდ 72 მლნ დოლარი შემოვიდა.

ყველაზე საინტერესო ამ სტატისტიკაში, ის არის, რომ იმ TOP-10 კომპანიას შორის, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, კომპანია „ენკა რინიუებლზ“-იც არის, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორია (ENKA). 

როგორც გახსოვთ, „ნამახვანჰესის“ პროექტი შეჩერებულია და ENKA-ს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დავა აქვს დაწყებული, ამიტომ ლოგიკურია კითხვა – როგორ მოხვდა „ენკა რინიუებლზ“-ი TOP-ინვესტორების სიაში. როგორც „საქსტატში“ განგვიმარტეს, „ენკა რინიუებლზ“-მა 2023 წლის II კვარტალში დიდი სესხი აიღო, რაც საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, FDI-დ კლასიფიცირდა. რა მიზნით აიღო, ენკა რინიუბლზ–მა სესხი და რამდენი ისესხა – ეს არ ვიცით, მათ შორის, კონფიდენციალურობის დაცვის გამო.

დღეს ინვესტორთა საბჭოში წევრი კომპანიების შეკრებაა დაანონსებული, სადაც განხილვებისა და მსჯელობის ერთი თემა FDI-ის სტრატეგიაც უნდა იყოს.

სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები