წლის მთავარ ღონისძიებამდე, რომელზეც ტექნოლოგიური გიგანტი Apple მომდევნო თაობის მობილურ ტელეფონებსა და ჭკვიან საათებს წარადგენს, ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ნავარაუდებია, რომ კომპანია iPhone-ების პრეზენტაციას 12 სექტემბერს გამართავს.
სოციალურ ქსელებში iPhone 15-ის გაუმჯობესებულ დეტალებზე ინფორმაციები დახურული წყაროებიდან უკვე დიდი ხანია ვრცელდება და, შეიძლება ითქვას, რომ iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max თავიანთი ტექნიკური მონაცემებით წინა მოდელებს ბევრად აღემატება.
iPhone 15-ის შესახებ განახლებულ ინფორმაციას Forbes-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც ახალი მობილურის მონაცემებს სოციალური მედიის საშუალებით აქვეყნებს.
"ტვიტერის" მომხმარებლის ცნობით, ახალ Pro და Pro Max მოდელებში 3 ნანომეტრიანი ტექნიკური პროცესის A17 ჩიპები იქნება ინტეგრირებული. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რაც უფრო დაბალ ნანომეტრიანია ტექნიკური პროცესი, მობილურ ტელეფონს საშუალებას აძლევს უფრო მეტი დავალება შეასრულოს ერთდროულად და სწრაფად და უფრო ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს. iPhone 15 და 15 Plus მოდელები კი 4 ნანომეტრიან A16 ჩიპებზე იმუშავებს.
Pro და Pro Max მოდელები 6-ბირთვიან CPU და GPU პროცესორებზე იმუშავებს, განსხვავებით A16 ჩიპიანი მოდელებისგან, რომლებშიც 6-ბირთვიანი CPU და 5-ბირთვიანი GPU-ა ინტეგრირებული. იქიდან გამომდინარე, რომ GPU პროცესორი გრაფიკულ მონაცემებზეა პასუხისმგებელი, Pro და Pro Max მოდელებს გაცილებით სუფთა და შთამბეჭდავი გამოსახულებაც ექნებათ.
ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა A17 ჩიპებს 8GB-იანი ოპერატიული მეხსიერების (RAM) მხარდაჭერა, თუმცა მეტად სავარაუდოა, რომ 2TB-იანი მეხსიერების მქონე მობილურში სწორედ 8GB-იანი RAM-ი იქნება ინტეგრირებული.
გარდა ამისა, iPhone 15 Apple-ს პირველი მოდელი იქნება, რომელსაც დატენვისთვის განახლებული USB-C პორტი ექნება.
რამდენად გაამართლებს Forbes-ისა და ანონიმური წყაროს წინასწარმეტყველება, სულ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.