მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წესების დაცვა მოუწევთ სალონებს მუშაობის დასაწყებად - სალონების ფედერაცია

5eba9febed5b6
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.20 17:48
2211
"რეგულაცია ბუნებრივია წესებს გულისხმობს, რაც ყველასთვის ერთნაირად მოსაწონი ვერ იქნება, მაგრამ ეს არის გონივრული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ დაზარალდეს არც ადამიანის ჯანმრთელობა და არც - ბიზნესი" - ამის შესახებ BM.GE-ის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამარ შარაშენიძემ სალონების სავალდებულო რეგულირებაზე საუბრისას განუცხადა. 

სალონების სექტორის გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გუშინ ბიზნესომბუდსმენთან სალონების 30-მდე წარმომადგენლის შეხვედრა გაიმართა, სადაც მიხეილ დაუშვილს ის პრობლემები და გამოწვევები გააცნეს, რომელიც რეგულირების ნაწილში ამოქმედების შემდეგ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიქმნება. 

"გუშინ ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, რაც იყო ბიზნესისთვის მიუღებელი, ნაკლებ შესრულებადი. შეხვედრაზე იყო 30 სხვადასხვა ტიპის ობიექტი ჩართული. ყველას თავისი ნიუანსი აქვს, რაც დამოკიდებულია როგორც მომსახურების მიმართულებებზე, ისე იმაზე სალონი ქალაქის ცენტრშია, თუ - გარეუბანში და ა.შ.  

შეხვედრით ბიზნესის წარმომადგენლები კმაყოფილები დარჩნენ, რადგან გაიგეს იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული სექტორულ საქმიანობაზე. თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, ეს ასე არ არის“, - განაცხადა თამარ შარაშენიძემ. 

მისი ინფორმაციით, სალონების სფეროსთვის განკუთვნილი რეგულაციები ხვალისთვის უნდა იყოს მზად. მანამდე კი ფედერაციის პრეზიდენტმა BM.GE-ის ძირითადი წესები გააცნო, რაც სალონებმა უნდა დააკმაყოფილონ. 

"საუბარია იმაზე, რომ 5 მ2-ზე ერთმა ხელოსანმა უნდა მიიღოს ერთი მომხმარებელი, ამასთან ხელოსნების სამუშაო ადგილებს შორის დაშორება უნდა იყოს 2 მეტრი. იმ შემთხვევაში თუ ისინი ამ დისტანციას ვერ იცავენ, სამუშაო ადგილებს შორის შესაძლოა, ორგმინის (გამჭვირვალე სადგამი) ბარიერების გაკეთება, რაზე განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.  სალონში შესვლისას თერმოსკრინინგის საკითხი ძალიან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ეს საკითხი განვიხილეთ და შესაძლებელია, ეს მოთხოვნა მხოლოდ თანამშრომლებისთვის შენარჩუნდეს, მომხმარებლებზე კი მოიხსნას, რაც მოხსნის პროცედურულ უხერხულობას. ბიზნესებს ამისთვის დამატებითი კადრის დამატება უწევდათ, რაც ხარჯებს კიდევ უფრო ზრდიდა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. 

გარდა ამისა, პირბადეები და ხელთათმანები იქნება რეგულაციის ნაწილი. ჩვენ გვქონდა ფარების საკითხი დაყენებული და შესაძლოა, რომ ფარები ჩანაცვლდეს სპეციალური ორგმინის სათვალეებით. 

ამასთან, დამკვიდრდება ჩაწერის წესი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომხმარებლის რაოდენობას. 

ამას თუ ვერ შეასრულებენ სალონები, იქ უკვე საუბარია რისკებზე. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დროულად დავრეგისტრირდეთ, შეგვამოწმონ და ჩავერთოთ სისტემაში“, - განაცხადა სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები