ომის შედეგად უკრაინის ავიაციას დანაკარგი რამდენიმე მიმართულებით აქვს. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ ავიაციის ექსპერტმა ირაკლი ნასიძემ განაცხადა.
„უკრაინა ევროპის შუაგულში მდებარე დიდი ქვეყანაა, რომლის ავიაცია ომმა რამდენიმე მიმართულებით დააზარალა. ძირითადად სამ მიმართულებას გამოვყოფდი, ესენია: კიევის აეროპორტი, რომელიც იყო რეგიონალური ჰაბი და წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ემსახურებოდა, მეორე ეს არის მგზავრთნაკადი, რომელიც უკრაინიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა, ლაპარაკია მილიონობით ადამიანზე და ახლა ეს ბაზარი აღარ არსებობს, და მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინის საჰაერო სივრცე გადაბმულია რუსეთის საჰაერო სივრცეზე, არის ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამ ორი საჰაერო სივრცის არარსებობა კი ფაქტობრივად არარენტაბელურს ხდის ავიაკომპანიებისთვის იფრინონ, მაგალითად ლონდონიდან ჩინეთში, რადგან ფრენის ხანგრძლივობას 2-3 საათით ზრდის და ძალიან დიდ ფინანსურ დარტყმას აყენებს ნებისმიერ ავიაკომპანიას.“ - განაცხადა ირაკლი ნასიძემ.
მისივე თქმით, უკრაინას 10 წელი მოუწია მოცდა იმისთვის, რომ ღია ცის ხელშეკრულებას შეერთებოდა და ეს მხოლოდ ეხლახანს მოახერხა. უცხოურ ავიაკომპანიებს უკრაინაში 2021 წლის ზაფხულში გაორმაგებული პროგრამა ჰქონდათ.
„ახლა კი სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურა, აეროპორტები განადგურებულია, რაც ათეულობით მილიონი დოლარის ზარალია. გარდა ამისა ავიაციაში და მასთან მიბმულ ბიზნესებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო ავიაციის როლი უკრაინის მშპ-ში დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ახლა ეს რიცხვი ნულზეა დასული.“ - აღნიშნა ავიაციის ექსპერტმა.