მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაბათის ციხის დირექტორი თანამდებობას ტოვებს - სად მიდის გიორგი ნათენაძე?

633fff4fc448c
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.22 14:33
1333
"ნათენაძის ღვინის კომპანიის" დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან ააიპ ახალციხის ციხეს ხელმძღვანელობდა, თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს. გიორგი ნათენაძე რაბათის ციხის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო.

ნათენაძე ამბობს, რომ ამიერიდან თავის ბიზნესს უბრუნდება, რომელსაც ააიპ-ში მუშაობის გამო ყურადღება მოაკლო.

„ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შედგა 9 თვის განმავლობაში და ძალიან ბევრი იყო დაგეგმილი. მივდივარ და გიტოვებთ პროექტებს, რომელიც დაწყებულია და დიდი იმედი მაქვს გაგრძელდება.

ამ უმოკლეს პერიოდში გეტყვით, რომ ახალი გეგმით სექტემბრის ბოლოს უკვე გადავაჭარბეთ მთლიანი წლის დაგეგმილ შემოსავლებს. მეტიც, 2019 წელთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები ვიზიტორით მივიღეთ იგივე შემოსავალი, რაც 2019 წელს 150 000 ვიზიტორით.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერისთვის:

ჩვენ ერთად შევქმენით ააიპ ახალციხის ციხის განვითარების სტრატეგია, შევქმენით ახალი და ეფექტური ადმინისტრაციული სტრუქტურა, დავიწყეთ HR სტრატეგიის შემუშავება და შემდგომი ქოუჩინგი, დავიწყეთ მარკეტინგული სტრატეგიის გაწერა წლების ჭრილში, რომელიც მომავალი 14 თვის განმავლობაში შეიქმნება, იქმნება ახალი ვებ გვერდი და ოფიციალური სოციალური გვერდები, იქმნება ახალი ლოგო და ბრენდ ბუქი, შეიქმნება რაბათის რამდენიმე ოფიციალური საიმიჯო კლიპი, დაწყებულია რაბათის კომერციალიზაციის გეგმა... ყველაფერის ჩამოწერა შორს წაგვიყვანს, თუმცა იმედი მაქვს რომ ყოველი ახალი წელი რაბათისთვის იქნება უკეთესი“, - წერს ნათენაძე და დასძენს, რომ ის რჩება ადმინისტრაციის გვერდით და დაეხმარება ახალ დირექტორს დაწყებული პროექტების ეფექტურად განხორციელებაში.

BM.GE-სთან საუბრისას ააიპ-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მომავალში დაგეგმილია ახალციხის 3D ვიზუალების გადაღება და დროში მოგზაურობა, რაბათის არტეფაქტების გაცოცხლების პროექტებია დაგეგმილი.

„ეს პროექტები რაბათის განვითარების სტრატეგიაშია გაწერილი და USAID-ის მიერ დაფინანსებული მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად აუთსორს კომპანია შემოდის. ამ გეგმებს უკვე ახალი დირექტორი განაგრძობს.

2 წლის განმავლობაში გაწერილი გეგმით მინდოდა ახალციხის ციხე განვითარების სწორ გზაზე დამეყენებინა. ამ გეგმის 80% უკვე შესრულებულია და მისი დასრულება ამ პროექტების გაგრძელებაზეა დამოკიდებული“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ნათენაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები