სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, რა დრო გადის, პროდუქციაზე ფასების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ 2021 წლის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ისედაც კრიზისულ მდგომარეობას ლარის გაუფასურების და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებასთან ერთად ენერგომატარებლების გაძვირებაც დაემატა, რაც მწარმოებლებს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს.
„წელი გაურკვეველი მდგომარეობით იწყება. გადასახადები - ენერგოტარიფი, დაახლოებით, 90%-ით იზრდება, რაც საკმაოდ ცუდად აისახება ბიზნესზე. ჩვენ საცალო პროდუქციას ვაწარმოებთ და წარმოუდგენელია, რომ ეს მომხმარებელზე არ აისახოს, მაგრამ აქ მხოლოდ ჩვენს წარმოებებზე არ არის საუბარი; ზოგადად, ქვეყანაში პროდუქცია გაძვირდება. დღეისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სტაბილური ფასები შევინარჩუნოთ და პროდუქციაზე ფასებს ზარალის ხარჯზე ვინარჩუნებთ, მაგრამ რაც დრო გადის, ეს შეუძლებელი ხდება. რამდენიმე პრობლემაა: იზრდება კომუნალური გადასახადები, უფასურდება ლარი, მცირდება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა და ეს ყველაფერი ჯამში სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს იწვევს, რომელიც ვფიქრობ, წელს ძალიან ბევრი კომპანიისთვის გადამწყვეტი იქნება“, - აცხადებს ბიზნესმენი.
ცეზარ ჩოჩელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემები დღეს არ დაწყებულა და წლების განმავლობაში აქტუალურია.
„მაინცდამაინც პანდემიას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, თუ გადავხედავთ 2012-დან 2020 წლამდე მონაკვეთს, ვნახავთ, რომ ლარი სტაბილურად ყოველწლიურად უფასურდება, მცირდება ეკონომიკა და ინვესტიციები, უარესდება საინვესტიციო გარემო, რაც ჯამში, კრიზისს იწვევს და რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, ამ კრიზისს დავძლევთ, მაგრამ შეიძლება მივიღოთ გაჩერებული ეკონომიკა, რომელიც უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის და სახელმწიფოსთვის, ვიდრე დღევანდელი პანდემია“, - ამბობს ჩოჩელი.