ვითარების სიმწვავეს განსაკუთრებით ცხადყოფს კომპანიის საბაზრო ღირებულებაზე დაკვირვება. გასული წლის ნოემბერში Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 1.23 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კი აღნიშნული მაჩვენებელი 470 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ საკმაოდ მოკლე პერიოდში ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ $760 მილიარდის შეფასება დაკარგა.
Tesla-ს არასახარბიელო შედეგები რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდა და საფონდო ბირჟების ვარდნაა, რამაც უმსხვილესი კომპანიების აქციების შემცირება გამოიწვია, თუმცა არა ისე მკვეთრად, როგორც Tesla-სი.
თავად კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განმარტებით, არასახარბიელო შედეგები აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებებითაა განპირობებული, კერძოდ, ერთ წელში FED-მა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 0%-იანი ნიშნულიდან თითქმის 4%-მდე გაზარდა, რაც ინვესტორებს უბიძგებს, საინვესტიციო პორტფელში სარისკო პოზიციები შეამცირონ, პოტენციურ კლიენტებს კი - ახალი შენაძენისგან და დამატებითი საბანკო ვალდებულებების აღებისგან თავი შეიკავონ. ორივე გარემოება, ბუნებრივია, Tesla-ს აქციებზე ნეგატიურად აისახება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პრობლემის წინაშე არა მარტო Tesla, არამედ მსოფლიოს ყველა სხვა კომპანიაც დგას, მიუხედავად ინდუსტრიისა და საქმიანობის პროფილისა.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Tesla-ს მიმართ ინვესტორების ინტერესის შემცირება კომპანიის ექსცენტრიკული დირექტორის, ილონ მასკის ქცევითაა განპირობებული. Twitter-ის შეძენის შემდეგ, მასკი უმეტეს დროსა და ენერგიას სწორედ სოციალურ ქსელს უთმობს და არა ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიას, რასაც, ბუნებრივია, ინვესტორები ნეგატიურად იღებენ. გარდა ამისა, Twitter-ის გამო მასკი სულ უფრო მეტ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა, მათ შორის, ევროკავშირი მას სანქციების დაწესებითაც კი ემუქრება, რასაც Tesla-ს რეპუტაციაზეც ნეგატიურ გავლენა აქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც ისაა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე 65%-იანი წილით ისევ Tesla დომინირებს, თუმცა ის დროთა განმავლობაში პოზიციას კარგავს, რადგან, შედარებისთვის, 2020 წელს ილონ მასკის კომპანია ბაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებდა.
S&P Global Mobility-ს კვლევის თანახმად, Tesla-ს წილს ახლა უკვე სხვა კომპანიების საშუალო ფასიანი ელექტრომობილები იკავებენ, მათ შორისაა: Hyundai Ioniq 5, Chevrolet Bolt, VW ID.4 და Mustang Mach-E.
ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს მომავალში Tesla ისევ გააგრძელებს ბაზარზე დომინირებას, თუმცა დროთა განმავლობაში მისი წილი შემცირდება და სხვა კომპანიების მის ჩანაცვლებას შეძლებენ.
მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილება ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული, პირველ რიგში ეს კონკურენციის გაძლიერებას უკავშირდება, რაც მოსალოდნელიც იყო, მერე საკითხი კი უშუალოდ კომპანია Tesla-სთანაა დაკავშირებული, რომელიც დინამიკურ ბაზართან ადაპტირებას აგვიანებს და 30,000 დოლარზე იაფიანი ელექტრომობილის გამოშვებას აჭიანურებს, რაც Chevrolet-ის მსგავს კომპანიებს ბაზრის ამ სეგმენტის ათვისების საშუალებას აძლევს.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების ბაზარზე გერმანული კომპანიების (Mercedes, BMW, Audi, Porsche) წილი სტაბილურად იზრდება, ხოლო ჩინური კომპანიები, კერძოდ, BYD და Neo უახლოეს მომავალში აშშ-ის ბაზარზე ოფიციალურად შესვლისთვის ემზადებიან.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.