მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა ივნისში 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება
BM.GE
31.07.23 14:11
5

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, ივნისში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 12 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მისი თქმით, ზრდაზე განსაკუთრებული გავლენა მშენებლობის და ვაჭრობის დარგებში არსებულმა მატებამ იქონია, შემცირება კი ენერგეტიკის და ლოგისტიკის სფეროებში ფიქსირდება.

“მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობასთან როგორიცაა გზების, ხიდების და გვირაბების მშენებლობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ივნისში წლიურად 36%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის სფეროში არის მნიშვნელოვანი მატება. 2023 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, ძირითადად ყაზახეთის, ყირგიზეთის და სომხეთის მიმართულებებით.

საფინანსო და სადაზღვევო სფეროში მატება განაპირობა კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების მატებამ.

რაც შეეხება კლების ტენდენციებს, ის არის ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში. ტრანსპორტის სექტორში კლება განპირობებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ბრუნვის შემცირებით, ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების შემცირებული მაჩვენებლები.

ენერგეტიკის სექტორში კლება დაკავშირებული იყო ელექტროენერგიის გამომუშავების სფეროში. 8%-ით არის შემცირებული ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება, ხოლო 3%-ით შემცირდა ელექტროენერგიის ექსპორტი.

ივნისში წინა წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა მანგანუმის ექსპორტი, ძირითადად აშშ-ის მიმართულებით. ასევე გაზრდილია სასმელების წარმოება და ექსპორტი. 12%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი და სამჯერ გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები