მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ასრულებენ რუსთავში მდებარე საწარმოები გარემოსდაცვით ვალდებულებებს?

649edf7b8fc64
ანუკა ჯოხაძე
01.07.23 00:05
530
“ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის“ მოთხოვნებს ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 50 საწარმოდან მხოლოდ ნახევარი აკმაყოფილებს. ეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის ანგარიშში გვხვდება, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოებს ეხებოდა.

როგორც ცნობილია, 2021 წლიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის შემცირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით სამრეწველო საწარმოებს თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში სამინისტროსთვის მიწოდება დაევალათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს არსებული 50 საწარმოდან თვითმონიტორინგის სისტემები, მხოლოდ ნახევარს აქვს დამონტაჟებული. შესაბამის მონაცემებს კი სამინისტროს 20 საწარმო აწვდის.

მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟება ჯერ კიდევ მიმდინარე ეტაპზეა, შესაბამისად ის სრულყოფისგან შორსაა. მისი თქმით, პროცესებს ხელს შეიწყობს ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობის გააქტიურება, რადგან ევროპა არ მიიღებს პროდუქტს, რომელიც ქვეყნის შიგნით გარემოს დაცვითი მოთხოვნების დარღვევით იწარმოება.

“თვითმონიტორინგის სისტემა, რომელიც ინერგება საქართველოში მე არ ვიტყვი, რომ დავნერგეთ, ის ისევ ინერგება. ის სრულყოფასთან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეულ მეწარმეს ეს კარგად აქვს გათავისებული. მე მაგალითად ვთვლი, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვრცლად ავამოქმედებთ სავაჭრო ხელშეკრულებას ევროპასთან, უფრო აქტიურად ვიმუშავებთ პროდუქციაზე ევროპის ბაზარზე გასატანად, რადგან ევროპა არ მიიღებს პროდუქციას, რომელიც მიღებულია ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც აბინძურებს შიგნით ქვეყანას.”-ამბობს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

კითხვაზე, რა დროს დასჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ გარემოს დაცვითი ვალდებულებების შესრულების ნაწილში მნიშვნელოვანი ხელშესახები ცვლილებები ჰქონდეს, ნინო ჩხობაძე გვპასუხობს, რომ ამ პროცესს თუ ქვეყანა იგივე ტემპით გააგრძელებს მუშაობას 5-6 წელი მაინც დასჭირდება.

“არც უნდა იჩქარო, იმიტომ რომ სიჩქარეში ჩვენ ვიღებთ არასამართლიან სამართალს, შერჩევით სამართალს. ჩვენ ვაჯარიმებთ ერთ საწარმოს იგივე დარღვევაზე და მეორე აღარ ვაჯარიმებთ. ამ შემთხვევაში ვზრდით კორუფციას, ამიტომ მოდით ვიყოთ რეალისტები, 5-6 წელიწადი მაინც დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო კარგად და სწორად გავმართოთ ეს სისტემები.”-ამბობს ნინო ჩხობაძე.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გასულ 2 წელიწადში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით 60 საწარმოს მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 75 ოქმი (ასკ 761 მუხლით), მათ შორის, 6 საწარმოს მიმართ შედგა განმეორებითი ოქმი. აღნიშნული ოქმების თითქმის 2/3-ში სასჯელის ზომად განისაზღვრა ჯარიმა ფულადი სახით (დანარჩენი შენიშვნა ან შეწყდა), რომლის ჯამური ოდენობა აღწევს 600 ათას ლარს. რაც შეეხება ქ. რუსთავში არსებულ საწარმოებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 22 ოქმი იქნა შედგენილი თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობაზე 18 საწარმოს მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები