მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს რიკოთზე მაგისტრალის მშენებლობა?

6385a9b695de3
ინგა მურუსიძე
29.11.22 14:20
740
არ არის ის პროგრესი, რაც დღეს უნდა იყოს, - ეს განცხადება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს ეკუთვნის და ის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს ეხება, რომელიც, სავარაუდოდ, გეგმის მიხედვით ვერ ხორციელდება. შეგახსენებთ, რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთზე ტენდერი 2019 წელს ჩატარდა. ხელშეკრულება მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited”-თან გაფორმდა 

„არ არის ის პროგრესი, რაც უნდა იყოს დღეს. შესაბამისად, უკვე გვაქვს ის გარემოებები, რომ ვისაუბროთ კოტრაქტუალური ასპექტების გამოყენებაზე, ამ ეტაპზე შუალედურად რომ გამოსწორდეს ბევრი მიმართულება“, - განაცხადა მინისტრმა „იმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ. ხოლო კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გამოყენებული იქნას სანქციები, ქარსელაძე პასუხობს: „მათ შორის“.



BMG სამინისტროსგან დაინტერესდა, შესაძლებელია, თუ არა ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელ კომპანიას დაუწესდეს სანქციები და ზოგადად, როგორია რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების სტატუს-კვო. სამინისტროს პასუხში ვკითხულობთ:

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 სექციად (ლოტად) მიმდინარეობს. სამუშაოები ყველა მონაკვეთზე აქტიურია, თუმცა, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის (I სექცია) მშენებელ კომპანიას, არასაკმარისი პროგრესის გამო, ეთხოვა სამუშაოების ტემპი სახელშეკრულებო პირობების შესაბამისი გახადოს.

სამუშაოების ყველაზე მაღალი პროგრესი ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზეა (მე-2 და მე-3 მონაკვეთები). წლის ბოლომდე იგეგმება გზის გარკვეული მონაკვეთების გახსნა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დაგეგმილი შედეგის მიღწევა დამოკიდებული იქნება სამშენებლო მასალის (მეტალის) შეუფერხებელ მიწოდებასა და გზის საფარის დასაგებად აუცილებელი კლიმატური პირობების არსებობაზე".

ამასთან, დღეს გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ირაკლი ქარსელაძის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ "წლის ბოლოსთვის დაგეგმილი პროგრესი 87% და 83% გვექნება და შესაბამისად, ვგეგმავთ დაახლოებით 11კმ-დან 15კმ-მდე გზის მშენებლობის დასრულებას".

მისივე თქმით, მასშტაბურ პროექტებს ყოველთვის ახლავს სხვადასხვა ხასიათის გამოწვევები. ეს იქნება გეოლოგიური, მეწყრების სახით, მეტეოროლოგიური, ნედლეულის მიწოდების თუ სხვა.

„მაგალითად, მეტალის მოწოდებასთან დაკავშირებით შეგვექმნა გარკვეული პრობლემები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხეთ გადაწყობა, მაინც გვაქვს მეტალის მასალის დაგვიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, აისახება სამუშაოების მიმდინარეობაზე. ამასთან, ხარისხი არის ჩვენი პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, რათა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის საფარის მოწყობა. შესაბამისად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული წლის ბოლოსთვის დავასრულებთ თუ არა 11 კმ-იან და 15 კმ-იან გზის მონაკვეთებს,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმითვე, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, საერთო ჯამში, იძლევა იმის თამამად თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს რიკოთის პროექტი დასრულდება.



ცნობისთვის, რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, პარალელურად, ყველა გვირაბზე მიმდინარეობს. სულ, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ. 97 ხიდიდან, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია. 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთებია:

1. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია)

11.7 კმ. - ასფალტო-ბეტონის 4 ზოლიანი გზა
17 ხიდი - საერთო სიგრძით 1.8 კმ.
3 გვირაბი - საერთო სიგრძით 2.7 კმ.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს (WB; EIB)

2. ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია)

12.2 კმ. - ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა
36 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 8.3 კმ.
20 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 9.2 კმ

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს (ADB)

3. უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია)

13 კმ. ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი გზა
18 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 6.2 კმ.
18 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 14 კმ.

უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს (EIB)

4. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია)

14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი გზა
17 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 5.1 კმ.
10 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 7.7 კმ.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს (ADB).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები