მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მისაღებია ექსპორტის წახალისების ახალი სამთავრობო პროგრამა მეწარმეებისთვის?

61364e13dcc1c
დავით ჯალაღონია
06.09.21 23:35
794
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიმდინარე თვიდან ექსპორტის ხელშეწყობის ახალი პროგრამა დაიწყო. როგორც პრეზენტაციაში ვკითხულობთ, პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოება-გადაიარაღებით, მეწარმე სუბიექტის ხელშეწყობით და იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებით.

ის მეწარმეები, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომერციული ბანკების გავლით 50 ათასიდან 10 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხს აიღებენ, ამ განახლებული პროგრამის ბენეფიციარები გახდებიან. ისინი სესხის პროცენტზე სუბსიდიას მიიღებენ, კერძოდ რეფინანსირების განაკვეთს მეწარმეების სასარგებლოდ 5% გამოაკლდება, ლიზინგის შემთხვევაში კი - 3%. გარდა ამისა, 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტების მწარმოებლებს საგრანტო კომპონენტის გამოყენებაც შეუძლიათ. ამ სიაშია მაგალითად, ტანსაცმლის, ტექსტილის, კომპიუტერული მოწყობილობების, ავეჯის და სხვა არაერთი წარმოება, რომელთაც სესხთან ერთად, გრანტის მიღებაც შეუძლიათ, ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში.

რა ეფექტზეა მორიგი სახელმწიფო რესურსი გათვლილი, ამის შესახებ BM.GE ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელს ანა კვარაცხელიას ესაუბრა, რომელიც ამ პროგრამის ექსპორტის წახალისებასთან კავშირს მაინცდამაინც ვერ ხედავს, რადგან საქართველოში მეწარმეებს ფინანსების ხელმისაწვდომობასთან ერთად, სხვა არაერთი პრობლემა აქვთ.

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რა თქმა უნდა, გაიზარდა, რადგან სესხის მოცულობის მიხედვით, სესხის ვადა გაზრდილია. ასევე, გარანტიით შემოდის „აწარმოე საქართველოში“ და არის გრანტის კომპონენტიც. კომპანიები ამას კარგად გამოიყენებენ, მაგრამ ექსპორტთან მიმართებით ეს რამდენად კავშირშია, ეს მეორე საკითხია. იქ არის გარკვეული ინდუსტრიების ჩამონათვალი, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებს და ასევე, ექსპორტზე მუშაობენ, თუმცა ისინი ბაზარზეც ოპერირებენ და ვფიქრობ, ეს ერთი მხრივ შეიძლება არათანაბარი კონკურენტული გარემო იყოს სხვა კომპანიების მიმართ, რომლებიც ასევე ოპერირებენ ქვეყანაში და რატომ უნდა მისცე ერთ კომპანიას გრანტი და მეორეს - არა, თუ ინდუსტრიაში არ არის.

მეორე მხრივ, როცა ექსპორტზე ვსაუბრობთ, ექსპორტიორი კომპანიების ერთ-ერთი პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, თუმცა ეს მხოლოდ მათი პრობლემა არ არის, ზოგადად ქვეყანაშია ასეთი პრობლემა, რადგან საკმარისი კაპიტალი არ არის, ინვესტორები არ არიან და ხშირ შემთხვევაში კომპანიები ბანკებს მიმართავენ. ასევე, ექსპორტთან მიმართებით ბევრი ისეთი პრობლემაა, როგორიც არის გაყიდვებთან დაკავშირებული, ტრანსპორტირების ხარჯი ძალიან მაღალია და ა.შ. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი კომპონენტი, როგორიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, ვერანაირად უპასუხებს და არ ვთვლი, რომ რაიმე ახალი და განსაკუთრებული შეიქმნა.

გარდა ამისა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - როცა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები შეიქმნა, ცდილობდნენ, რომ რისკი კომპანიებს შორის გადანაწილებული ყოფილიყო, რადგან ყველა კომპანია წარმატებული არ არის და ამ შემთხვევაში სახელმწიფო რისკს აზღვევდა იმ კუთხით, რომ შედიოდნენ მხოლოდ ორი წლით ამ სესხის თანადაფინანსების ნაწილში. დღეს, როცა ამ პროგრამებს ვუყურებ, ძალიან დიდ რისკს წევს სახელმწიფო. თითოეულ კომპანიაში შედის საკმაოდ დიდი კაპიტალი და თუ რომელიმე კომპანია ვერ შეძლებს განვითარებას და რაიმე პრობლემა შეექმნება, ეს ტვირთი თითოეულ კომპანიაზე საკმაოდ დიდია და არ ვთვლი, რომ ეს ამ პროგრამის კარგი ნაწილია, რადგან მთავარია ცოტა რესურსით მოხდეს ეფექტური გადანაწილება და არა თითო კომპანიაზე დაიხარჯოს ძალიან დიდი რესურსი, მით უმეტეს, გრანტის კომპონენტი და გარანტია დაემატა, რომელიც საკმაოდ რისკიანია, რაც სახელმწიფო ხარჯების კუთხით არცთუ ისე გამართლებულია“, - მიიჩნევს ანა კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის მინიმუმ 50% ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის უნდა იყოს მიმართული, არაუმეტეს 50% კი - საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები