მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მსგავსია ტურიზმის მხარდაჭერის პაკეტები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში - Galt&Taggart

5eece6711e3db
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.20 21:40
1330
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ტურიზმის სექტორში 2020 წლის მეორე ნახევარში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა, საქართველომ ტურიზის სექტორის თითქმის იგივე მხარდაჭერის ღონისძიებები გაატარა, რაც სხვა ქვეყნებმა.

ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანიის ანალიტიკოსმა თათია მამრიკიშვილმა ონლაინ ვებინარზე განაცხადა.

„მსგავსი კრიზისების პერიოდში ბიზნესთან ერთად მოსახლეობაც ზარალდება, შესაბამისად, მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ძირითადად ერთნაირი ტიპის მიდგომები იკვეთება ტურიზმში კრიზისთან გასამკლავებლად და ეს არის ძირითადად დაზარალებული დასაქმებულების ფინანსური მხარდაჭერა ანუ ბიზნესის შესანარჩუნებლად გარკვეული ფინანსური რესურსის გამოყოფა. ამ დროს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები ზარალდება და საკოორდინაციო მექანიზმები რაც გულისხმობს კრიზისთან გასამკლავებლად გარკვეული სტრატეგიების შემუშავებას.

ბუნებრივია მსგავსი ღონისძიებები საქართველოშიც დაანონსდა და ეს ღონისძიებები პერიოდულად იხვეწებოდა“, - აღნიშნა თათია მამრიკიშვილმა.

Galt&Taggart-ის კვლევაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ტურიზმის მხარდაჭერის 3 ეტაპიანი გეგმა იყო წარმოდგენილი:

I ეტაპი - პირველადი დახმარება დაზარალებულ ბიზნეს სუბიექტებს:

• 2020 წლის ნოემბრამდე საშემოსავლო გადასახადის გადავადება (113 მლნ ლარი); 
• მცირე ზომის სასტუმროების საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის სუბსიდირება (10 მლნ ლარი)

II ეტაპი - ზრუნვა დასაქმებულებზე:

• 6 თვის მანძილზე თვეში 200 ლარის დახმარება უმუშევრად დარჩენილებისთვის; 
• თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით; 
• დასაქმებულების შესანარჩუნებლად სახელმწიფო სუბსიდიები დამსაქმებლებისთვის 

III ეტაპი - 200 მლნ ლარის დახმარების პაკეტი:

• ტურისტული ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება (45 მლნ ლარი); 
• საშემოსავლო გადასახადის გადავადება 2020 წლის ბოლომდე (90 მლნ ლარი) 
• 20 მლნ ლარამდე ბრუნვის მქონე განთავსების საშუალებებისთვის 6 თვის პროცენტის სუბსიდირება (60 მლნ ლარი) 
• ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა (5 მლნ ლარი) 
• ქვეყნის უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირება. 



Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა თათია მამრიკიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსი ღონისძიებები გაატარა და დასძინა: „საქართველომ თითქმის იგივე მხარდაჭერის ღონისძიებები გაატარა რაც სხვა ქვეყნებმა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიდა ტურიზმის წახალისება რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, მაგალითად ჩეხეთში, ხორვატიაში და ა.შ. საქართველოში ჯერჯერობით არ მომხდარა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის ქვეყნები სადაც შიდა ტურიზმის წახალისება ასე აქტიურად ხდება, გაცილებით უფრო დიდი ფინანსური რესურსი აქვთ ვიდრე საქართველოს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები